აბანო

აბანო (ყაზბეგის რ-ნი) კოშკები VII ს. სამხრეთ-დასავლეთის ხედი

აბანო, სოფელი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის კობის თემში (მცხეთა-მთიანეთის რეგიონი), თრუსოს ხეობაში, მდ. თერგის მარცხ. ნაპირზე. ზ. დ. 2160 მ, სტეფანწმინდიდან 34 კმ. 2014 აღწერით მოსახლ. რიცხოვნობა არ აღემატება 10 კაცს. -ს მიდამოები მდიდარია თერმული წყლებით, რ-ითაც მოსახლეობა ძვ. დროიდან სარგებლობდა (აქედან მომდინარეობს სოფლის სახელწ. „აბანო“). სოფლის აღმ-ით, 2300 მ. სიმაღლეზე, არის მინერ. ტბა.

ა. ადრინდ. ფეოდ. ხანაში ადმინისტრაციულად წანარეთის ხევში შედიოდა, XIV ს-იდან – ქსნის, XVI–XVIII სს-ში – არაგვის საერისთავოში; საქართვ. რუსეთთან შეერთების (1801) შემდეგ, ჯერ ანანურის, შემდგომ დუშეთის მაზრის მთის ოლქს ეკუთვნოდა. -ს უძველესი მოსახლ. ქართული იყო. გვიანდ. ფეოდ. ხანაში მას შეერია ოსური ეთნოსი.

სოფელში შემონახულია გეგმით კვადრატული, წესიერ, ჰორიზ. რიგებად ნაწყობი ნატეხი ქვით ნაგები ორი კოშკი (XVII ს.). მათგან ერთი ხუთსართულიანია. სართულებშუა გადახურვა ხისაა, კედლებში სათოფურებია. გარედან უმარტივესი, თავიდან ბოლომდე ერთნაირი ფაქტურის მქონე, ვიწრო და მაღალი (დღევანდელი სიმაღლე – 17 მ) კოშკი დიდ შთაბეჭდილებას ტოვებს თავისი გეომ. დახვეწილობითა და ატყორცნილი პროპორციებით. იქვე დგას მეორე, ოთხსართულიანი კოშკი, რ-იც უფრო დიდია, მაგრამ სილამაზით პირველს ვერ შეედრება. ორივე კოშკი ერთიან კომპლექსს ქმნის. საჭიროების შემთხვევაში მათ ალბათ დროებით საცხოვრებლადაც იყენებდნენ.

ლიტ.:  ბერიძე ვ., XVI – XVIII სს. ქართული ხუროთმოძღვრება, ტ. 1, თბ., 1983.

ჯ. გვასალია

ვ. ბერიძე