ედიბერიძე ალექსანდრე იოსების ძე (8. VIII. 1898, თბილისი, – 18. V. 1985, იქვე), ქირურგ-სტომატოლოგი, ქირურგიული სტომატოლოგიის ფუძემდებელი საქართველოში. მედ. მეცნ. დოქტორი (1943), პროფესორი (1943), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1961). 1924 დაამთავრა თსუ-ის სამკურნ. ფაკ-ტი. 1929–33 ხელმძღვანელობდა ამავე ფაკ-ტის თერაპიული და ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრებს, 1935–74 – თბილ. სახელმწ. სტომატოლოგიურ და ექიმთა დახელოვნების ინ-ტების ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრებს. 1974-იდან იყო ექიმთა დახელოვნების ინ-ტის ქირურგ. სტომატოლოგიის კათედრის პროფესორ-კონსულტანტი. შეისწავლა ალვეოლური პიორეის ეტიოლოგია და მკურნალობა, ოდონტოგენური და არაოდონტოგენური სიმსივნეებისა და პირისახის თანდაყოლილი სიმახინჯეების კლინიკა და მკურნალობა, საქართველოში დანერგა პირისახის აღდგენითი ოპერაციები, შეადგინა ქირურგ. სტომატოლოგიის პირველი სახელმძღვანელო ქართ. ენაზე („ქირურგიული სტომატოლოგია", 1966). 1932–74 იყო საქართვ. სტომატოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე, 1974-იდან – საპატიო თავ-რე, 1968-იდან – სსრკ სტომატოლოგთა სამეცნ. საზ-ბის საპატიო წევრი. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: პირისახის აღდგენითი ქირურგია, თბ., 1968; ქირურგიული სტომატოლოგია და პირისახის აღდგენითი ოპერაციები, თბ., 1973.