ეგნატაშვილი გიორგი სიმონის ძე [12 (24). III. 1885, თბილისი, – 16. I. 1962, იქვე], სპორტსმენი (ტანვარჯიში), პედაგოგი. სსრკ სპორტის დამს. ოსტატი (1936), სსრკ დამს. მწვრთნელი (1954), საქართვ. დამს. მასწავლებელი (1945). ე. იყო ტანმოვარჯიშეთა საზ-ბა „შევარდენის" ერთ-ერთი დამაარსებელი (1918). პრაღის უმაღლესი სატანვარჯიშო კურსების დამთავრების (1909) შემდეგ მუშაობდა ტანვარჯიშის მასწავლებლად თბილ. სათავადაზნაურო გიმნაზიაში, სადაც მისი ხელმძღვანელობით 1912 მოეწყო ტანმოვარჯიშეთა პირველი საჯარო გამოსვლა. იმავე წელს ე-ის ხელმძღვანელობით თბილ. „სოკოლის" ტანმოვარჯიშეთა გუნდმა ჩეხოსლოვაკიის ტანმოვარჯიშეთა საზ-ბის „სოკოლის" VI საიუბილეო შეკრებაზე (პრაღა) დაბალ ჯგუფში I ადგილი დაიკავა, ხოლო ე. ტანვარჯიშული მრავალჭიდის პირად შეჯიბრებაში III ადგილზე გავიდა. 1918–37 ე. ხელმძღვანელობდა მოსწავლე ახალგაზრდობის ფიზაღზრდას თბილისის სკოლებსა და ტექნიკუმებში. 1937–41 განაგებდა ტანვარჯიშის კათედრას საქართვ. ფიზკულტურის სახელმწ. ინ-ტში, 1941-იდან მუშაობდა ფიზაღზრდის უფროს მასწავლებლად თავდაპირველად თსუ-ში, შემდეგ საქართვ. პოლიტექ. ინ-ტში. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. ე-ის სახელი მიეკუთვნა თბილ. განათლების განყ-ბის ბავშვთა და მოზარდთა ცენტრ. სატანვარჯიშო სკოლას. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
ა. გვახარია