გაბუნია ნოდარ კალისტრატეს ძე

გაბუნია ნოდარ კალისტრატეს ძე (9. VII. 1933, თბილისი, – 31. VIII. 2000, იქვე), კომპოზიტორი, პიანისტი და პედაგოგი. საქართვ. სახ. არტისტი (1982), ზ. ფალიაშვილის სახ. პრემიის ლაურეატი (1985). დაამთავრა მოსკ. კონსერვატორია (1957) და ასპირანტურა (1961) ფორტეპიანოს განხრით (ხელმძღვ. ა. გოლდენვეიზერი), ხოლო 1962 – კომპოზიციის განხრით (ხელმძღვ. ა. ხაჩატურიანი). 1962-იდან იყო თბილ. კონსერვ. პედაგოგი (პროფესორი), 1965-იდან – სპეც. ფორტეპიანოს კათედრის გამგე, 1984-იდან–რექტორი. 1973–79 საქართვ. კომპოზიტორთა კავშირის მდივანი, 1996–თავ-რე. 1992–93 მუშაობდა ნიუ-ორლეანის (აშშ) უნ-ტის ფორტეპიანოს კათედრის პროფესორად. გამოდიოდა კონცერტებით როგორც პიანისტი (შეასრულა ბეთჰოვენის ყველა საფორტეპიანო სონატა, 1970), იყო ბ. ბარტოკის საფორტეპიანო ნაწარმოებების აქტ. პროპაგანდისტი.

გ-ს ეკუთვნის 2 მუს. კომედია – „ყვარყვარე თუთაბერი“ (პ. კაკაბაძის მიხედვით, 1973, დაიდგა 1974), „ხე ჭრიალებს“ (1979, ორივე დაიდგა თბილ. მუსკომედიის თეატრში). ორი სიმფონია (1972, 1984), სამი საფორტეპიანო კონცერტი (1961, 1976, 1986), პოემა-ელეგია სიმებიანი ორკესტრის, ჰობოისა და ლიტავრისათვის (1963), 3 საფორტეპიანო სონატა (1966, 1968, 1987), სონატა ორგანისათვის (1987), სონატა საყვირის, ფორტეპიანოსა და დასარტყმელი საკრავებისათვის (1980), ორი სიმებიანი კვარტეტი (1979, 1982), საფორტეპიანო პიესების ციკლები „მოსწავლის დღიურიდან“ (1977) და „საბავშვო პიესები დიდებისათვის“ (1987), იმპროვიზაცია და ტოკატა ფორტეპიანოსათვის (1962), „ორი მიძღვნა“ ფორტეპიანოსათვის (1967), საორგანო მუსიკა (1980); კამერულ-ვოკალური ნაწარმოებები, მ. შ. ცნობილი „იგავი“, (1964, ს.-ს. ორბელიანის მიხედვით, იუნესკოს საერთაშ. პრემია, 1965), ვოკალური ციკლი ბანისა და ფორტეპიანოსათვის, „სტანსები“ (1977); მუსიკა თეატრისა და კინოფილმებისათვის „ვედრება“ (1968), „ნერგები“ (1972), მიუზიკლისათვის „აურზაური სალხინეთში“ (1975) და სხვ. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლ. კაკულია