გურაბანიძე ნოდარ სარდიონის ძე (16. IX. 1930, თბილისი, - 26. II. 2024, იქვე), თეატრმცოდნე, თეატრ. კრიტიკოსი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1997), პროფესორი (1994). საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1978), კ. მარჯანიშვილის სახ. პრემიის (1987), საქართვ. სახელმწიფო პრემიის (1998), შოთა რუსთაველის სახ. სახელმწიფო პრემიის (2011) ლაურეატი. დაამთავრა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის თეატრმცოდნეობის ფაკ-ტი (1954). 1969–72 იყო გამომც. „ხელოვნების" დირექტორი, 1973–81 – საქართვ. კულტ. მინისტრის პირველი მოადგილე. 1981-იდან ჟურნ. „საბჭოთა ხელოვნების" (1990 წ. №4-იდან „ხელოვნება") მთ. რედაქტორია. 1954-იდან გ. რეგულარულად აქვეყნებს პერიოდულ პრესაში კრიტიკულ წერილებს, რეცენზიებს, ნარკვევებს. ავტორია წიგნებისა: „ილია ჭავჭავაძე და ქართული თეატრი" (შემდგენელი, შესავალი წერილი, 1955), „სტანისლავსკი" (1963), „გიორგი შავგულიძე" (1963, 1968), „სცენა, რეჟისორი, მსახიობი" (1966), „აკაკი ხორავა" (1971), „დიდ გზებზე" (1971), „მრავალსახეობა თეატრისა" (1972), „კოტე მარჯანიშვილი" (1972), „გიგა ლორთქიფანიძე" (1972), „გამარჯვების გზით" (1984), „რევოლუციური თანამედროვეობა და თეატრი" (1981), „სამყარო თეატრალის თვალით" (1998), „ავსტრალიიდან – ამერიკამდე" (1998), „კოტე მახარაძე" (2001), „ჩემი ცხოვრების თეატრი" (2006). 1969-იდან პედ. მოღვაწეობას ეწევა საქართვ. შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. თეატრისა და კინოს უნ-ტში, ხოლო 1996-იდან 2004-მდე – ამავე უნ-ტის პრორექტორი სამეცნ. დარგში. 2006-იდან ამავე უნ-ტის სრული პროფესორი.
თხზ.: რეჟისორი რობერტ სტურუა, თბ., 1997; ფანტასტიკური რამაზ ჩხიკვაძე, თბ., 2004; მიხეილ თუმანიშვილის თეატრი, თბ., 2010; ევროპული დრამატურგია რუსთაველის თეატრის სცენაზე, თბ., 2012; სამყარო თეატრალის თვალით (3 ტომად). თბ., 2017-19.
შ. ცუცქირიძე