ედილაშვილი (ე დ ი ლ ი) ზაქარია ერმალოზის ძე (1873, სოფ. ბრეთი, გორის მაზრა, – VIII. 1956, გორი), საზოგადო მოღვაწე, პუბლიცისტი, ექიმი ვეტერინარი. დაამთავრა გორის სას. სასწავლებელი (1849) და თბილისის სას. სემინარია. მუშაობა დაიწყო ქ. კავკავში დ. სარაჯიშვილის ქარხანაში. მისივე დახმარებით მოეწყო ქ. ტარტუს ვეტერინალურ ინ-ტში. 1901 სამუშაოდ კავკასიაში განაწესეს. სხვადასხვა დროს მუშაობდა ნახიჩევანში, საინგილოში, გორში. 1925–27 რედაქტორობდა გორის რაიონულ გაზ. „წითელ ქართლს". საინგილოში მოღვაწეობის დროს მან დიდი ინტერესი გამოიჩინა ირგვლივ მიმოფანტული უამრავი ქართ. ძეგლის მიმართ. შეუდგა აღნიშნული მხარის წარსულის ძიებას, შეაგროვა მეტად მდიდარი და უნიკალური მასალა საქართვ. ამ კუთხის შესახებ. პროფესიულმა საქმიანობამ ე-ს ხელი შეუწყო ახლოს გასცნობოდა ხალხის ადათ-წესებსა და საქმიანობას. ამით გააგრძელა და გააფართოვა დიმიტრი და მოსე ჯანაშვილების მიერ დაწყებული საქმიანობა. ე. ქართ. პრესაში ხშირად აქვეყნებდა მასალებსა და ფოტოილუსტრაციებს მრავალ საჭირბოროტო საკითხზე. ამ თემაზე მიმოწერა ჰქონდა გამოჩენილ ქართვ. მოღვაწეებთანაც. მისი მონოგრაფია საინგილოს შესახებ 1940 პირველად დაიბეჭდა ჟურნ. „მნათობში" (N5–12). მთლიანად მის გამოქვეყნებას ხელი შეუშალა მეორე მსოფლიო ომმა, საბოლოოდ წიგნად გამოიცა 1947. ნაშრომში აღწერილია ამ მხარის ბუნება, ისტ. წარსული, ხალხის ყოფა-ცხოვრება, ისტ. ნაშთები, მოსახლეობის, ქალაქებისა და სოფლების ისტორია. დაინტერესებული იყო რუს.-საქართვ. ურთიერთობათა ისტორიით, რ-საც მრავალი გამოკვლევა და წერილი მიუძღვნა. ე-მა კახში მუშაობის დროს დააარსა „სახალხო კოოპერატივი". მან ადგილობრივ მკვიდრთა – ინგილოთა და სხვა ეროვნების ხალხთა – დიდი სიყვარული დაიმსახურა. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები.
თხზ.: ერეკლე მეფე და გრაფი ტოტლებენი, «საქართველო », 1916, NN 134, 136, 139, 140; ვახტანგ მეფე და პეტრე დიდი, ი ქ ვ ე, 1915, NN 133 – 137, 140, 155–158; მეფე თეიმურაზ I-ის დამოკიდებულება რუსეთთან, იქვე, NN 78, 101, 103; საინგილო (ისტორიულ- ეთნოგრაფიული ნარკვევი), თბ., 1947.
გ. ნარსია