ანისის ქართული წარწერა 1288 - ქართული ასომთავრული წარწერა – ეპიგრაფიკული საბუთი, რ-იც ამოკვეთილია ანისის ერთ-ერთი ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის სამხრ. კედელზე.
სამეცნ. წრეებში ცნობილი იყო 1910-იდან. წარწერის ფოტო, მონახაზი, ასომთავრული და გაშიფრული ტექსტი პირველად გამოქვეყნდა 1980. ეკლესია, რ-ის კედელზეც ამოკვეთილია წარწერა, ამჟამად თურქ. ტერიტორიაზეა. საქართვ. ხელოვნების სახელმწ. მუზეუმის ფოტოთეკაში აღმოჩნდა წარწერის ფოტონეგატივი (N11653/1804), ხოლო ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში, ი. ჯავახიშვილის პირად საარქივო ფონდში, ძლიერ დაზიანებული და ნაკლული წარწერის ტექსტის სამი გადმონაწერი – ორი ნ. მარის ავტოგრაფია, ხოლო ერთი – ი. ჯავახიშვილისა.
წარწერის შესახებ არსებული მასალების ურთიერთშეჯერებით გაირკვა, რომ წარწერა შესრულებულია 23 სტრიქონად, გაბმული ტექსტი იკითხება მხოლოდ მე-16 – 23-ე სტრიქონებში; იგი წარმოადგენს საბუთს, რ-იც გაცემულია XIII ს. II ნახ. ანისის ცნობილი მოღვაწის, პარონ საჰმადინის (სამადინის) მიერ; საბუთი შეეხება ანისის მოსახლ., თუ მოსახლ. ნაწილის მიერ სესხის თუ გადასახადის გადახდას; ტექსტის ბოლოს დასმულია თარიღი – „ქრ(ო)ნ(ი)კ(ო)ნსა რპდ“ ე. ი. 1288 წელი.
წარწერის ტექსტი მნიშვნელოვანია იმით, რომ მასში დასტურდება საქართველოსა და სამხრ. კავკასიაში მონღოლთა ბატონობის დროს გავრცელებული გადასახადები: თაღარი, ნამარი, თამღა, ყაფჩერი, მალი, იამი; აგრეთვე ტერმინები: ბაჟ-თამღა, თამღაჩი, თეთრი, თამღის ამოგდება და სხვ. ქართ. წერილობითი ძეგლებიდან მათი ნაწილი მხოლოდ ამ წარწერის ტექსტში გვხვდება.
ლიტ.: სილოგავა ვ., სომხეთის ქართული ეპიგრაფიკული ძეგლების გამოცემის შესახებ, «მაცნე». ენისა და ლიტერატურის სერია, 1980, № 2, გვ. 146 – 150.
ვ. სილოგავა