გუნია გიორგი კონსტანტინეს ძე (19. X. 1938, თბილისი, – 30. III. 2001, იქვე), სცენოგრაფი. საქართვ. სახ. მხატვარი (1989). დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1966), იქვე ეწეოდა პედ. საქმიანობას (1970–82). 1980–92 მუშაობდა საქართვ. სახელმწ. ფილარმონიის მთ. მხატვრად, ხოლო 1987–96 – საქართვ. მხატვართა კავშირის გამგეობის პირველ მდივნად. 1990-იდან გარდაცვალებამდე იყო საქართვ. კულტ. მინისტრის მოადგილე. 1991-იდან მოღვაწეობდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს უნ-ტში, 1992 იქვე დააარსა თეატრ.-დეკორაციული ფაკ-ტი. 1964-იდან გ-მ გააფორმა 70-ზე მეტი სპექტაკლი საქართველოსა და საზღვარგარეთის თეატრებში: ჟ. ანუის „ანტიგონე" (1968), ჟ. პ. სარტრის „ეშმაკი და უფალი ღმერთი" (1995, შოთა რუსთაველის სახ. აკად. თეატრი), ჟ. ანუის „ტოროლა" (1965), მ. მრევლიშვილის „წმ. შუშანიკის წამება" (1968), ვ. რასპუტინის „იცოცხლე და გახსოვდეს" (1983, კ. მარჯანიშვილის სახ. აკად. თეატრი); ვ. კოროსტილიოვის "კომანდორის ნაბიჯები" (1971), ა. სუმბათაშვილ- იუჟინის "ღალატი" (1983, ა. გრიბოედოვის სახ. რუს. დრამ. თეატრი); უ. შექსპირის „მეფე ლირი" (1972, რუსთავის დრამ. თეატრი); რ. ლაღიძის „ლელა" (1975), პ. ჩაიკოვსკის „პიკის ქალი" (1977, ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი); კ. მახარაძის „ბაგრატიონები" (1994) და „სტალინი" (1998, ერთი მსახიობის თეატრი – „ვერიკო"); ბ. ბრეხტის „სამგროშიანი ოპერა" (1964, პერმის პ. ჩაიკოვსკის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრი); გ. რობაქიძის „ლამარა" (1996, ბათუმის ი. ჭავჭავაძის სახ. დრამ. თეატრი) და სხვ. გ-ს შემოქმედებამ დიდი როლი ითამაშა 60-იანი წლების ქართ. სცენოგრაფიის განახლებაში. გ. აქტიურ საზ. მოღვაწეობას ეწეოდა. იგი აქვეყნებდა ქართ. სცენოგრაფიის სკოლისადმი მიძღვნილ სტატიებს, აფორმებდა გამოფენებს, სადღესასწაულო კონცერტებს.