გუნია ვალერიან ლევანის ძე

 

ვ. გუნია
ვ. გუნია სკალოზუბი ა. გრიბოედოვის "ვაი ჭკუისაგან".

გუნია ვალერიან ლევანის ძე [9 (21). I. 1862, სოფ. ეკი, სენაკის მაზრა, – 31. VII. 1938, თბილისი], მსახიობი, რეჟისორი, დრამატურგი, კრიტიკოსი, თეატრ. მოღვაწე. საქართვ. სახ. არტისტი (1933). 1876 შევიდა თბილ. რეალურ სასწავლებელში. 1881 პოლიტ. გამოსვლებში მონაწილეობისათვის სასწავლებლიდან გარიცხეს. სწავლა განაგრძო მოსკოვში, პეტროვსკო-რაზუმოვსკოეს სას.- სამ. აკადემიაში. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ აქტიურად ჩაება საზ. ცხოვრებაში. 1883- იდან მოღვაწეობდა ქართ. პროფ. თეატრში. როლები: მეფე ლირი, ოტელო (უ. შექსპირის „მეფე ლირი", „ოტელო"), კაკო („კაკო ყაჩაღი", ი. ჭავჭავაძის მიხედვით), ოიდიპოსი (სოფოკლეს „ოიდიპოს მეფე"), ოსიპი (ნ. გოგოლის „რევიზორი"), ოთარ ბეგი (ა. სუმბათაშვილიუჟინის „ღალატი"), ბერსენევი (ბ. ლავრენიოვის „რღვევა") და სხვ. გ. გამოირჩეოდა სცენური მომხიბვლელობით, შთამბეჭდავი გარეგნობით, შესანიშნავი ხმით, ძლიერი ტემპერამენტით. მას მნიშვნელოვანი ღვაწლი მიუძღვის ქართ. თეატრში რეალისტური მიმართულების დამკვიდრებასა და ქართვ. პროფესიონალ მსახიობთა აღზრდაში. წლების განმავლობაში სათავეში ედგა ქართ. დრამ. დასებს. გ-ს ეკუთვნის მრავალი ორიგინ. და გადმოკეთებული პიესა, რ-თაგანაც აღსანიშნავია „და-ძმა", „აღლუმი", „სიძე-სიმამრი", „ნაოხარზე", „რაც არ მერგება, არ შემერგება", „ვაის გავეყარე, ვუის შევეყარე". მანვე დაწერა ლიბრეტოები ოპერებისათვის: ზ. ფალიაშვილის „დაისი", დ. არაყიშვილის „დინარა" და სხვ. რედაქტორობდა სხვადასხვა პერიოდულ გამოცემებს (მაგ., ჟურნ. „თეატრს"), 1886 დააარსა გაზ. „ცნობის ფურცელი", 1888 გამოსცა „საქართველოს კალენდარი", 1907 – იუმორისტული ჟურნ. „ნიშადური". გ. იყო თეატრის თვალსაჩინო ისტორიკოსი და თეორეტიკოსი. თეატრ. ხელოვნების შესახებ სისტემატურად აქვეყნებდა ლიტ. წერილებს, თეორ. ხასიათის სტატიებს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი ისტორიული ნარკვევი "ქართული თეატრი 1879–1889", 1921-იდან ხელმძღვანელობდა ქართ. თეატრებს. იყო საქართველოს ხელოვნ. მუშაკთა კავშირის გამგეობის პირველი თავ-რე. 1913-იდან მოღვაწეობდა კინოში.

თხზ.: [სერიაში] ქართული თეატრის მოღვაწენი სასცენო ხელოვნების შესახებ, წგ. 2, დ. ჯანელიძის რედ., თბ., 1953.

ლიტ.: ბ უ რ თ ი კ ა შ ვ ი ლ ი ა., რაინდი უშიშარი და გულმართალი, თბ., 1965; მადლობის დღე. საიუბილეო დასურათებული ალმანახი ვალერიან გუნიას პატივსაცემად და 35 წლის მოღვაწეობის აღსანიშნავად, [თბ.], 1917; უ რ უ შ ა ძ ე ნ., ვალერიან გუნია, თბ., 1987; ქ ა რ თ ვ ე ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ვალერიან გუნია, თბ., 1968; ხ ე თ ე რ ე ლ ი ც., ვალერიან გუნიას ლიტერატურულსაგამომცემლო მოღვაწეობა, თბ., 1989; ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე დ., ვალერიან გუნია, თბ., 1963.

ლ. ცაგარეიშვილი