გოცაძე ოთარ დავითის ძე (7. II. 1929, სოფ. ბიღა, ახლანდ. ჭიათურის მუნიციპალიტეტი, – 12. III. 1993, თბილისი), გეოფიზიკოსი. ფიზიკა-მათ. მეცნ. დოქტორი (1985). 1951 დაამთავრა თსუ-ის ფიზიკა-მათ. ფაკ-ტი. 1951-იდან მუშაობდა საქართვ. მეცნ. აკად. გეოფიზიკის ინ-ტში, 1973-იდან გარდაცვალებამდე იყო რეგიონალური სეისმოლოგიის განყ-ბის გამგე. გ-ის შრომებს, რ-ებიც ეხება კავკ. რეგიონის სეისმურობასა და სეისმურ რეჟიმს, ფუძემდებლური მნიშვნელობა ჰქონდა კავკასიაში სეისმოლოგიური კვლევის განვითარებისათვის. გ-ს დიდი წვლილი მიუძღვის საქართვ. სეისმური სადგურების ქსელის ეფექტიანობის დადგენასა და განსაკუთრებით სეისმური ობსერვ. „თბილისის" დაარსებაში (1976). მისი უშუალო მონაწილეობით შეიქმნა კავკასიის მიწისძვრათა საინფორმაციო-საძიებო კომპიუტერული სისტემა და საქართვ. ტერიტ. სეისმური დარაიონების ნორმატიული რუკა. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდო.
თხზ.: Построение сейсмических линеаментов и оценка основных эффектов сейсмичности Кавказа, Тб., 1982; Карта сейсмического районирования территории Грузии, Тб., 1989 (თანაავტ.).
ო. ვარაზანაშვილი