ელიზბარ ქსნის ერისთავი (გ. 18. IX. 1662), კახეთის აჯანყების (1660) ერთ-ერთი მეთაური. აჯანყების ჩაქრობის შემდეგ ე. ქ. ე., ბ. ჩოლოყაშვილი და შალვა ქსნის ერისთავი შაჰს ეახლნენ, ქვეყნისათვის მტრის ახ. შემოსევის თავიდან ასაცილებლად. შაჰმა ისინი განჯის ხანს გადასცა. განჯის ხანმა კი იმ თურქმანულ ტომებს, რ-ებიც აჯანყების დროს ამოწყვიტეს. თურქმანებმა ქართველი გმირები წამებით მოკლეს. რამდენიმე ხნის შემდეგ ე. ქ. ე. საქართველოში ჩამოასვენეს და იკორთაში (ახლანდ. ცხინვალის მუნიციპალიტეტი), ერისთავების საგვარეულო მონასტერში დაკრძალეს. ქართულმა ეკლესიამ ე. ქ. ე., ისევე როგორც აჯანყების სხვა წამებული გმირები, წმინდანად შერაცხა. წმინდა მოწამეთა ბიძინა ჩოლოყაშვილის და ელიზბარ და შალვა ქსნის ერისთავების ხსენების დღეა 18. IX (1. X).
წყარო: ეგნატაშვილი ბ., ახალი ქართლის ცხოვრება, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959.
ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. აკოფაშვილი