აბრამიანი

აბრამიანი, საახალწლო რიტუალი. ხონჩაზე გაწყობილი საახალწლო მისალოცი (ღორის თავი, შაქარი, გოზინაყი, ჩირი, თაფლი, ჩურჩხელა, ბოღლიწო, აგრეთვე საახალწლო ბედისკვერები კრუხ-წიწილას, კომბლის, ძროხის ცურის, ხარის ქედის, ნამგლისა და სხვ. ფორმისა). ახალი წლის გათენებისას ოჯახის უფროსი მამაკაცი ა-ით ხელში სახლს სამჯერ შემოუვლიდა, შემდეგ შიგ შევიდოდა და სამჯერ გაიმეორებდა: „შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი, ფეხი ჩემი – კვალი ანგელოზისა“. ოჯახის თითოეულ წევრს ღვინოსა და თაფლში ამოვლებულ პურის ლუკმას – ბოღლიწოს – ჩამოურიგებდა და ეტყოდა, ასე ტკბილად დამიბერდიო. ა-თან დაკავშირებული საახალწლო რიტუალი სიუხვისა და დოვლათიანობის დასაბედებლად სრულდებოდა.