აბუსერისძე ტბელი (დაახლ. 1190–1240), ქართველი მწერალი და ასტრონომი. ხიხათა (აჭარაში) პატრონის იოანეს შვილი.
ავტორი რელიგ.-ისტ. თხზულებისა „სასწაულნი წმიდისა... გიორგისნი და ანდერძნი... მთქუმელისაჲ“ და ვრცელი ქრონოლოგიურ-ასტრონ. ტრაქტატისა „ქორონიკონი სრული მისითა საუწყებელითა“. მასვე უნდა ეკუთვნოდეს „გალობანი სამთა იოანეთა“. რელიგ.-ისტ. თხზულება აღწერს აჭარელი გლეხის, ხელობით კალატოზის, ბოლოკ-ბასილის სამშენებლო საქმიანობას შუარტყალში; შეიცავს აბუსერისძეთა საგვარეულო მატიანეს, აგრეთვე იმდროინდელი ყოფა-ცხოვრებისა და ზნე-ჩვეულებების მნიშვნელოვან ცნობებს, მდიდარია კონკრ. ისტ. ხასიათის მონაცემებითაც. ქრონოლოგიურ-ასტრონ. ტრაქტატი ვრცელი საკალენდრო ცნობარია, რ-შიც განხილულია წელთაღრიცხვის სხვადასხვა სისტემის ღირსება-ნაკლოვანებანი და მოცემულია საეკლ. დღესასწაულთა და მთვარის ამოსვლა-ჩასვლის მზა ცხრილები.
თხზ.: ბოლოკ-ბასილის მშენებლობა შუარტყალში და აბუსერიძეთა საგვარეულო მატიანე. 1233 წ. ტექსტი, ლ. მუსხელიშვილის გამოც., თბ., 1941; ცხოვრება ქვითხუროისა ბასილისა, ი. სიხარულიძის გამოც., ბათ., 1981.
ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., ტბელ აბუსერიძე – XIII ს. ქართველი მწერალი, თბ., 1963; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ისტორიის მიზანი, წყაროები და მეთოდები წინათ და ახლა, წგ. 1 – ძველი ქართული საისტორიო მწერლობა, თბ., 1977 (თხზულებანი თორმეტ ტომად, ტ.8).
მ. ლორთქიფანიძე