აგარანი

აგარანი, ციხესიმაგრე ქვემო ქართლში, აგარანზე გამავალ დიდ საქარავნო გზაზე.

ისტ. წყაროებში ხშირად „აგარათა ციხედაც“ მოიხსენიება, იცავდა საქართველოში სამხრ-იდან მომავალ მთავარ გზას. XI ს. 60-იან წლებში ბაგრატ IV-მ ა. წაართვა განძის ამირა ფადლონს. „დიდი თურქობის“ დროს (1080) ციხე მტერმა ჩაიგდო ხელში. 1118 ივლისში დავით აღმაშენებელმა ალყა შემოარტყა ა-ს და ერთ დღეში აიღო, ხოლო 1123 ივანე ორბელს უწყალობა. 1177 ა-ში გამაგრდნენ გიორგი III-ის წინააღმდეგ აჯანყებული დიდგვარიანები. ამავე წელს მეფემ ა. აიღო. „აგარათა ციხე“ ქართველ მეფეთა საზაფხულო სადგომი იყო. აქ გარდაიცვალა თამარ მეფე. XV ს-იდან მას კოჟრის ციხე ეწოდებოდა და სოლაღაშვილებს ეკუთვნოდა. ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, ამ ციხეს ადრე აზეულას ციხე ერქვა. 

ლიტ.: ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი  ნ., ძველი თბილისის ტოპონიმიკიდან (აგარანი), წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 1, თბ., 1964.

დ. ბერძენიშვილი