იოანე მიტროპოლიტი

იოანე მიტროპოლიტი (ერისკაცობაში – გიორგი ვახტანგის ძე  გ ა მ რ ე კ ე ლ ი) (დ. 28. X. 1946, თბილისი), სასულიერო მოღვაწე. სწავლობდა თბილ. პოლიტექნიკურ ინ-ტში გეოლოგიის ფაკ-ტზე, ხოლო შემდეგ – ნოვოჩერკასკის გეოლოგიის ინ-ტში. 1983-იდან იგი სიონის საპატრიარქო ტაძრის სტიქაროსანი იყო. 1985–88 სწავლობდა მცხე­თის სას. სემინარიაში. 1987 აკურთხეს დიაკვნად, 1988 – მღვდლად. იმავე წლიდან მსახურობდა ანჩისხატის ეკლესიაში, ხოლო 1989 იანვრიდან – სიონის საპატრიარქო ტაძარში.

1989 წ. 8 თებ. ი. მ. სიონის საპატრიარქო ტაძრის პროტოპრესვიტერად და თბილ. სას. აკადემიისა და სემინარიის რექტორად დაინიშნა. 1993 წ. 19 ივლისიდან სრულიად სა­ქარ­თვე­ლოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია IIის ლოცვა-კურთხევით სა­ქართვ. საპატრიარქოს სასწ. კომიტეტის თავ-რე გახდა.

1995 ი. მ. აირჩიეს გელათის მეცნ. აკადემიის აკადემიკოსად. იგი ხელმძღვანელობს წმ. წერილის ქართულ ენაზე მთარგმნელთა ჯგუფს, ჟურნალ „რწმენა და ცოდნას", კითხულობს ლექციებს სას. აკადემიასა და სემინარიაში, თსუ-ში. 2005-იდან სას. აკადემიისა და სემინარიის პრორექტორად დაინიშნა.

2008 წ. 27 ივნ. სა­ქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდის განჩინებით ი. მ. გამორჩეულ იქნა ცურტავის ეპისკო­პოსად. 11 სექტემბერს სამების სა­კათედ­რო ტაძარში ბერად აღიკვეცა და 14 სექტემბერს სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში საზეიმოდ შესრულდა მისი ეპისკოპოსად ხელდასხმა.

2010 ი. მ-ს მთავარეპის­კო­პო­სის წოდება მი­ე­ნი­ჭა და რუსთავისა და მარნეულის მმართველ მღვდელმთავრად დაადგინეს, ხოლო 2011 წ. 28 აგვ., მიტროპოლიტის პატივი უბოძეს. დაჯილდოებულია წმ. ­გიორგის პირველი ხარისხის ორდენით (2007).