ელენე

 

ელენე, საქართველოს დედოფალი. ბაგრატ IV -ის პირველი მეუღლე, ბიზანტიის იმპერატორის რომანოზ III-ის ძმისშვილი. 1029-30 წლებში საქართველო–ბიზანტ. პოლიტ. ურთიერობის დარეგულირების მიზნით კონსტანტინოპოლს ეწვია ბაგრატ IV-ის დედა მარიამ დედოფალი. იმპ. რომანოზ III-მ „აფხაზთა და ქართველთა" სამეფოსთან სამშვიდობო ხელშეკრულება გააფორმა და საქართველო-ბიზანტიის უფრო მეტად დასაახლოებლად ბაგრატ IV-ს თავისი ძმისშვილი ე. შერთო ცოლად (საქართველოში იგი მარიამ დედოფალს გამოაყოლეს). ე-მ და ბაგრატ IV-მ ქორწილი ბანაში გადაიხადეს. ე-ს დიდხანს არ მოუწია საქართვ. დედოფლად ყოფნა, რადგანაც მალევე გარდაიცვალა. გადმოცემით, ე-ს სახელთანაა დაკავშირებული ოქონის სასწაულთმოქმედი ხატის საქართველოში ჩამოტანა.

წყარო: მატიანე ქართლისა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 1, თბ., 1955; გეორგიკა. ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 5, თბ., 1963.

ლიტ.: ბუაჩიძე გ., ერთი ეპიზოდი საქართველოსა და ბიზანტიის ურთიერთობიდან იაჰია ანტიოქიელის ისტორიაში, კრ.: ქართული დიპლომატია, ტ. 3, თბ., 1996; სამუშია ჯ., XI საუკუნის საქართველობიზანტიის ურთიერთობის ისტორიიდან, იქვე, ტ. 9, თბ., 2002.

ჯ. სამუშია