ალექსი I კომნენოსი (1182 – 1. II. 1222), ტრაპიზონის იმპერატორი 1204–22, დიდი კომნენოსების დინასტიის დამფუძნებელი, ბიზანტიის იმპ. ანდრონიკე I-ის შთამომავალი.
ანდრონიკეს დაღუპვის (1185) შემდეგ ა. I. კ. და მისი ძმა დავითი საქართველოში გახიზნეს. ყრმა უფლისწულები თამარის სამეფო კარზე აღიზარდნენ. 1204 მათ თამარ მეფის დახმარებით ხელთ იგდეს ძალაუფლება მცირე აზიის ზღვისპირა რნ-ში, სადაც ძველთაგანვე ქართვ. ტომები ცხოვრობდნენ და რ-ის ცენტრიც ტრაპიზონი იყო. აქ მათ ტრაპიზონის იმპერია შექმნეს. დავითი ბრძოლაში დაიღუპა, ხოლო ა. I. კ. სამეფოს შესანარჩუნებლად მთელი თავისი მეფობის მანძილზე ებრძოდა ნიკეის იმპერატორსა და იკონიის სულთანს, ამ ბრძოლაში კი თავისი სამეფოს ქართვ. მოსახლეობას ეყრდნობოდა. იგი კარგი მებრძოლი და საზრიანი პოლიტიკოსი იყო. 1214 იძულებული გახდა სინოპე დაეთმო სულთნისთვის, მაგრამ ამის სანაცვლოდ თავისი ახალშექნმილი სამეფოს საერთო აღიარება მოიპოვა.
ლიტ.: გ ო ზ ა ლ ი შ ვ ი ლ ი გ., ჯვაროსანთა IV ლაშქრობა და ბიზანტია, «თსუ შრომები», 1960, ტ. 87; У с п е н с к и й Ф. И., Очерки из истории Трапезунтской империи, Л., 1929.
გ. გოზალიშვილი