ალექსანდრე II [17 (29). IV. 1818, მოსკოვი, – 1 (13). III. 1881, პეტერბურგი], რუსეთის იმპერატორი (1855–81), ნიკოლოზ I-ის უფროსი შვილი.
ყირიმის ომში (1853–56) რუსეთის დამარცხების შემდეგ შექმნილი საშინაო ვითარებისა და ეკონ. განვითარების მსვლელობის გავლენითაც მან გაატარა მნიშვნელოვანი რეფორმები (ბატონყმობის გაუქმება –1861, საერობო, სასამართლო, საქალაქო და სხვა რეფორმები). საგარეო პოლიტიკაში ა. II-მ შეძლო აღედგინა ყირიმის ომით შელახული პრესტიჟი, მიაღწია პარიზის 1856 საზავო ხელშეკრულების გაუქმებას. რუსეთ-ოსმალეთის (1877–78) ომის შედეგად საქართველოს შეუერთდა სამხრეთის ისტორიული მიწა-წყალი – არტაანი, ყარსი, ბათუმი ოლქებითურთ. 1871 ა. II-მ იმოგზაურა საქართველოში, იყო თბილისში, სადაც შეხვდა თავად-აზნაურთა წარმომადგენლებს, რ-ებმაც მას ადრესები მიართვეს სხვადასხვა თხოვნით, კერძოდ კადეტთა კორპუსის გახსნის შესახებ. 1881 წ. 1 მარტს მოკლეს „ნაროდნაია ვოლიას“ აღმასრ. კომიტეტის განაჩენით.