ალექსანდრე II (1527–1605), კახეთის მეფე 1574–1605, ლევან მეფისა და თინათინ დედოფლის ძე.
ა. II ნიჭიერი და შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსი იყო. დიდ ყურადღებას აქცევდა საშინაო საქმეებს, ყოველმხრივ უწყობდა ხელს კახეთის ეკონ. ცხოვრების განვითარებას და ფეოდ. ურთიერთობის ნორმების მოწესრიგებას. მის დროს განსაკუთრებით განვითარდა სოფლის მეურნეობა, აღორძინდა ქ-ები (გრემი, ძეგამი). ა. II-ის დროს კახეთის სამეფოს სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდა აზიისა და ევრ. ბევრ ქვეყანასთან. მოღვაწეობდა რთულ პოლიტ. ვითარებაში. თავდაპირველად მამასავით ირანის ვასალად აღიარებდა თავს. 1578, ჩილდირის ტბასთან ისმალთა მიერ სპარსელების დამარცხების შემდეგ, მორჩილება აღუთქვა თურქებს, ყოველწლიური ხარკი იკისრა და ქვეყანას თავიდან ააცილა თურქების შემოსევა. მაგრამ ოსმალეთს არ აკმაყოფილებდა კახეთის ვასალური დამოკიდებულება და კახეთზე თავდასასხმელად აქეზებდა შამხალის ქვეშევრდომ მთიულებს. ამან დიდი ზიანი მიაყენა ქვეყანას. ა. II კმაყოფილებით შეხვდა რუსეთის მოციქულის რუსინ დანილოვის წინადადებას, მიემართა თხოვნით რუსეთის მეფისათვის კახეთის მფარველობაში მიღების შესახებ (1585). ა. II-მ 1586 ელჩობა გაგზავნა იოაკიმე მღვდლის, კირილე ბერისა და ხურშიტა ჩერქეზის შემადგენლობით. საპასუხოდ რუსეთიდანაც ჩამოვიდნენ ელჩები (იხ. ბირკინის ელჩობა კახეთში). 1587 გაფორმდა ხელშეკრულება „ფიცის წიგნი“ რუს.-საქართვ. პოლიტ. კავშირის შესახებ. 1589 ა. II-მ რუს. მეფისაგან მფარველობის ოფიციალური დადასტურება – „წყალობის სიგელი“ მიიღო. რუსეთ-კახეთის დაახლოება არ მოსწონდა ირან. შაჰს აბას I-ს, მაგრამ თურქებთან ბრძოლაში რუს. მხარდაჭერის იმედი ჰქონდა და მტრობას არ ამჟღავნებდა, თუმცა ფარულად გადამწყვეტი დარტყმისათვის ემზადებოდა და კახეთის სამეფო კარზე ინტრიგებს აღვივებდა.
ა. 1601 ოქტ-ში შვილმა, დავითმა, აიძულა ა. II ბერად აღკვეცილიყო და თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. მაგრამ ტახტზე მხოლოდ 1 წელი დაჰყო. 1602 წ. 21 ოქტ. დავითი მოულოდნელად გარდაიცვალა და ა. II კახეთის სამეფო ტახტზე დაბრუნდა.
1603 ნოემბ. შაჰ-აბას I ერევნის ციხეს შემოადგა და ქართლ-კახეთის მეფეები თავისთან დაიბარა. ა. II დიდხანს ყოყმანობდა, ვიდრე შაჰს ეახლებოდა (1604 აპრ.). შაჰმა ა. II ერევნის ციხის აღების შემდეგაც თავისთან დაიტოვა, უკან მხოლოდ 1605 დააბრუნა, შირვანის წინააღმდეგ ლაშქრობა დაავალა და თან გამაჰმადიანებული შვილი, შაჰის კარზე გაზრდილი კონსტანტინე (იხ. კონსტანტინე I) გამოაყოლა ყიზილბაშთა ჯარით. კახეთში ჩამოსვლის შემდეგ ა. II-მ შეიტყო, რომ რუს. ჯარი შამხალზე სალაშქროდ წამოსულიყო. რუს. ელჩები მ. ტატიშჩევი და ა. ივანოვი მოითხოვდნენ კახეთის მონაწილეობას ამ ლაშქრობაში. ამის გამო ა. II-მ შირვანზე ლაშქრობისაგან თავი შეიკავა. 1605 წ. 12 მარტს ქ. ძეგამში, მეფის სასახლეში მოლაპარაკების დროს კონსტანტინეს ბრძანებით ღალატით დახოცეს ა. II, გიორგი ბატონიშვილი და თათბირის დამსწრე კახელი დარბაისლები.
ლიტ.: ა ს ა თ ი ა ნ ი ნ., გზა გამოხსნა-აღდგომისაკენ, თბ., 1983; ბ ე რ ძ ე ნ ი შ ვ ი ლ ი ნ., რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან XVI–XVII საუკუნეთა მიჯნაზე, წგ.: საქართველოს ისტორიის საკითხები, წგ. 4, თბ., 1967; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.
ნ. ასათიანი