ალექსანდრე I

ალექსანდრე I (დაახლ. 1454/56–1511), კახეთის მეფე 1476–1511, გაერთიანებული საქართველოს უკანასკნელი მეფის გიორგი VIII-ის და ნესტან-დარეჯანის ძე. ა. I-ის დროს დადგინდა ახლად ჩამოყალიბებული კახეთის სამეფოს საზღვრები. იგი ცდილობდა მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონოდა საქართვ. სხვა სამეფო-სამთავროებსა და მეზობელ ქვეყნებთან. მის დროს ჩაეყარა საფუძველი კახეთის მეფეთა ტრად. პოლიტიკას – ყოველგვარი ღონისძიებით (მოხერხებული დიპლომატია, ზოგიერთი დათმობა, ფორმალური ყმობა, მცირე ხარკი და სხვ.) უზრუნველეყოთ სამეფოს მშვიდობიანი განვითარება. 1477, ქართლში უზუნ-ჰასანის შემოსევის დროს, თურქმანთა ბრბოებმა მოარბიეს ქართლის მოსაზღვრე კახეთის რ-ნებიც: ხერკი, საგურამო, მარტყოფი და თიანეთი. ა. I-მა უზუნ-ჰასანს ძღვენი მიართვა, მორჩილება აღუთქვა და კახეთი აოხრებას გადაარჩინა. ისმაილ I-ის (შემდგომში პირველი სეფიანი შაჰი) შირვანში ლაშქრობის დროს (1501) ა. I-მა მორჩილება აღუთქვა შაჰს და ეს შემოსევაც აიცდინა. ამის შემდეგ კახეთსა და ირანს შორის მშვიდობა არ დარღვეულა XVII ს. დასაწყისამდე. 1483 და 1491 ა. I-მა ელჩები გაგზავნა მოსკ. დიდი მთავრის ივანე III-ის კარზე და საფუძველი ჩაუყარა კახეთის სამეფოსა და რუს. პოლიტ. ურთიერთობის ახ. მნიშვნელოვან ეტაპს. ა. I მოკლა შვილმა, ავგიორგიმ (იხ. გიორგი II).

ლიტ.: ც ი ნ ც ა ძ ე  ი., ძიებანი რუსეთ-საქართველოს ურთიერთობის ისტორიიდან (X – XVI სს.), თბ., 1956; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი  ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967; А л е к с и д з е  Л., Древнейший документ грузино-русских дипломатических отношений, წგ.: Советский ежегодник международного права, М., 1962.

ნ. ასათიანი