ალექსანდრე I (გ. 1389), იმერეთის მეფე 1387–89, დავით ნარინის ჩამომავალი, იმერეთის ერისთავის ბაგრატ I-ის ძე.
მამის გარდაცვალების შემდეგ, 1372, საქართვ. მეფემ ბაგრატ V დიდმა იმერეთის ერისთავად დანიშნა. რეზიდენცია ჰქონდა შორაპანში. 1387 ა. I-მა ისარგებლა თემურ-ლენგის მიერ ბაგრატ მეფის დატყვევებით და თავი იმერეთის მეფედ გამოაცხადა. ოდიშის, ცხუმისა და სვანეთის ერისთავები, აგრეთვე გურიელი, ბაგრატ V -ისა და მისი მემკვიდრის – გიორგის ერთგულნი დარჩნენ. ა. I-ის გარდაცვალების შემდეგ იმერეთი კვლავ საერისთავო გახდა. მისი ასული თამარი ცოლად ჰყავდა საქართველოს მეფეს, ალექსანდრე I დიდს.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
გ. ჯამბურია