ინწობა, ს ა ბ უ ე, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, სამონასტრო კომპლექსი.
მდებარეობს სოფ. საბუედან (ყვარლის მუნიციპალიტეტი) 6–7 კმ-ზე, მდ. ინწობის (ალაზნის მარცხ. შენაკადი) ნაპირას. კომპლექსში შედის VIII–IX სს. ნათლისმცემლის სამეკლესიიანი ბაზილიკის ტიპის ტაძარი, მასზე სამხრ-იდან მიშენებული სამსართულიანი კოშკი, ქვის ზღუდის ფრაგმენტები, გალავნის სამხრ. ნაწილში ჩართული ორსართულიანი კოშკი, რ-ის პირველი სართული კარიბჭეა, და სხვადასხვა დანიშნულების შენობათა ნაშთები. გალავნის გარეთ შემორჩენილია სათოფურებით აღჭურვილი კოშკის ნანგრევები.
ეკლესია ნაგებია თანაბარი ზომის უხეშად დამუშავებული ქვით, ასევე გამოყენებულია აგურიც. საკურთხევლის კუთხეები და სარკმლის გარეთა ღიობი გამოყვანილია შირიმით. აფსიდით დასრულებული მთავარი ეკლესიის ვიწრო და მაღალი, გეგმით წაგრძელებული შუა ნავი უშუალოდ უკავშირდება სამსხვერპლოსა და სადიაკვნეს. მთავარ ეკლესიას სამხრ-ით და დას-ით ორი შესასვლელი აქვს. შენობის დას. ნაწილში განიერი დერეფანია, რ-იც გვერდის ეკლესიებს ერთმანეთთან აკავშირებს. სამხრ. ეკლესიას სამხრეთიდან აქვს ორმალიანი თაღოვანი შესასვლელი, რ-ის ნალისებრი ფორმის თაღები მათ შორის აღმართულ სვეტს ეყრდნობა.
ეკლესია შიგნიდან მოხატული ყოფილა (შემორჩენილია მხატვრობის კვალი).
ლიტ.: საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, [ტ.] 1-I , თბ., 2013.