ამაღლება (ყოფ. შუა განახლება), სოფელი ვანის მუნიციპალიტეტში (იმერეთის რეგიონი), იმერეთის დაბლობზე, მდ. რიონის მარცხ. მხარეს, კვინისწყლის ნაპირზე, ვანი–ბაღდათის საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: ა., ინაშაური). ზ. დ. 80 მ, ვანიდან 8 კმ. რიონიდან (უახლოესი რკინიგზის სადგ.) 22 კმ. 1,1 ათ. მცხ. (2014).
ა. ბალნეოლ. კურორტია. ჰავა – ნოტიო სუბტროპ., იცის თბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. ნალექები 1800 მმ წელიწადში. ძირითადი ბუნებრივი სამკურნ. ფაქტორია თერმული მინერ. წყალი (ტემპ-რა 40–41°C),მინერალიზაცია – 9,4 – 10,3 გ/ლ, ქიმ. შედგენილობით ნახშირმჟავა ქლორიდულ-ნატრიუმიანი წყალია, შეიცავს აგრეთვე ჰიდროკარბონატს, კალციუმსა და საკმაო რაოდენობის (160 მგ/ლ) კაჟმჟავას. წყლის დებიტი 350–400 ათ. ლ/დღ-ღ აღწევს. წყალს იყენებენ აბაზანების სახით ძვალ-სახსართა, პერიფერიული ნერვული სისტემის, გინეკოლ. და კანის დაავადებების სამკურნალოდ.
სოფელს იხსენიებენ ვახუშტი ბატონიშვილი და ი. გიულდენშტედტი. სოფლის სახელწოდება წარმოდგება ამაღლების ეკლესიის სახელისაგან (ზოგ წყაროში ეს ძეგლი მონასტრად იწოდება). XVIII ს. შუა წლებიდან ეკლესია ერისთავთა საძვალედ იქცა. ტაძრის ახლოს იდგა ციხე-დარბაზი, რ-იც ბარის ერისთავთა სახლის ფუძემდებელს, გიორგი გედეონყოფილს (გიორგი ივანეს ძე ერისთავი) აუგია XIX ს-ში. ა-ის მახლობლად (სალომინაო) დგას განვითარებული შუა საუკ. მოხატული ეკლესია.
ლიტ.: ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ი., ფერსათის ისტორიული გეოგრაფიიდან, «საქართველოს ისტორიული გეოგრაფიის კრებული», 1989, [ტ.] 7.
გ. უშვერიძე
შ. საღარაძე