ილარიონ ქართველი, ახალი (ერისკაცობაში – იესე ხახულის ძე ყ ა ნ ჩ ა ვ ე ლ ი, 1776 – 12. II. 1864, ათონის მთა, საფლავი უცნობია), სასულიერო მოღვაწე, წმინდანი. წყაროების მიხედვით, იგი დაიბადა ლოსიათხევში შემავალ სოფ. ალავერდში. თუმცა ბოლოდროინდელ გამოქვეყნებულ ნაშრომებში ი. ქ-ის ბიოგრაფები მისი დაბადების ადგილად მიიჩნევენ შორაპნის მაზრის სოფ. ლოსიათხევს.
6 წლის იესე მშობლებმა ბიძას, ბერ-დიაკონ სტეფანეს მიაბარეს, რ-იც ტაბაკინის (ახლანდ. ზესტაფონის მუნიციპალიტეტი) მონასტერში მოღვაწეობდა. ბიძის გარდაცვალების შემდეგ იგი ერთხანს იმავე მონასტერში დამკვიდრდა. შემდეგ ოჯახს დაუბრუნდა. მამამისმა ქუთაისში სამეფო კარზე მიიყვანა, სადაც მისი აღზრდა ჯრუჭის მონასტრის არქიმანდრიტ გ. სოლოღაშვილს დაევალა. ი. ქ-მა მონასტერში სასულიეროსთან ერთად საერო განათლებაც მიიღო. 1789 იმერეთის სამეფო კარზე მეფე სოლომონ II-ის მოხელედ დანიშნეს და მალევე, მეფის რჩევით, დიაკვნად აკურთხეს, შემდეგ კი – მღვდლად.
იმერეთის სამეფოს გაუქმების (1810 ) შემდეგ ი. ქ. სოლომონ II-ს ქ. ტრაპიზონში ახლდა. სამშობლოში დაბრუნებული ი. ქ. ერთხანს თავის სოფელში დამკვიდრდა. შემდგომ სოლომონ II-ის ქვრივის, დედოფალ მარიამის თხოვნით რუსეთში წავიდა, თუმცა იქ შექმნილი მიუღებელი სიტუაციის გამო 1819 ათონის მთაზე გაემგზავრა და ღარიბი პილიგრიმის სახელით სიწმინდეები მოილოცა. ერთხანს ივირონის ქართულ მონასტერში დამკვიდრდა, შემდეგ დიონისეს მონასტერში გადავიდა, სადაც 1821 ბერად აღიკვეცა და სახელად ილარიონი ეწოდა.
ი. ქ-მა ასკეტური ცხოვრებისა და ღვთისმოსაობის გამო ათონის მთაზე სწრაფად გაითქვა სახელი. მას ათონელი მამები „მოძღვართმოძღვარს" უწოდებდნენ. მალევე იგი სქიმმონაზვნად იკურთხა.
ი. ქ. მწიგნობრულ მოღვაწეობას ეწეოდა. მის მიერ გადანუსხული ხელნაწერების ნაწილი ამჟამად დაცულია ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში. 1824 ათონის მთაზე მოღვაწე ბენედიქტე (იგივე ვენედიქტე) ქიტიშვილის დაკვეთით მან გადაწერა ექვთიმე ათონელის მიერ თარგმნილი წმ. ისაკ ასურის „სწავლანი", 1830 კი ივირონის მონასტერში – სწავლანი „სამოთხე". ამავე მონასტერში მას 1840 გადაუნუსხავს 196 ხელნაწერი. მინაწერზე ი. ქ. მწუხარებით აღნიშნავდა, რომ ივირონის მონასტერში არსებული ქართ. ხელნაწერები სიძველის გამო ნადგურდებოდა და ჭირდებოდა გადარჩენა. 1827 არქიმანდრიტ სერაფიმეს დავალებით მან შეადგინა კატალოგი სახელწოდებით „ქართული წიგნის სახელები ივერიის მონასტერსა შინა მდებარეთა მთაწმინდას".
1827 ი. ქ-მა თავისივე გადაწერილი ერთი კრებული (ამჟამად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრშია დაცული) საქართველოში გამოგზავნა გამოსაცემად, მაგრამ მისი პუბლიკაცია იმ დროს ვერ მოხერხდა. მან ივირონის მონასტერში დაცული სხვადასხვა ხელნაწერი წიგნებიდან შეადგინა ამონაწერები, რ-ებიც 12 ტომად მოამზადა და სათაურად „ყვავილნარი" უწოდა. გადმოცემით, ეს კრებული იღუმენმა ზოგრაფმა რუსეთში ჩაიტანა და თორმეტივე ტომი შემდგენელის მიუთითებლად გამოსცა.
2002 წ. 17 ოქტომბერს სქიმმონაზონი ი. ქ. საქართვ. მართლმადიდებელი ეკლესიის წმ. სინოდმა წმინდანად შერაცხა. მისი ხსენების დღედ დადგინდა 14 (27) თებ.
ლიტ.: ბ უ ბ უ ლ ა შ ვ ი ლ ი ე., ახალი მასალები წმ. ილარიონ ქართველი ახლის მოღვაწეობის შესახებ, «გელათის მეცნიერებათა აკადემიის შრომები», I, თბ., 2014; მღვდელმონაზონი ანტონი (მთაწმინდელი), მღვდელ სქიმმონაზვნის ილარიონ ქართველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ნარკვევები, თბ., 2009; საისტორიო მასალა, იმერეთის მეფის სოლომონის უკანასკნელი დღენი, «მწყემსი», 1890, №11; 13–16; ქართულ ხელნაწერთა აღწერილობა, A კოლექცია, ტ. 4, შეადგინა ქ. შარაშიძემ, კ. კეკელიძის საერთო რედ., თბ., 1953.
ე. ბუბულაშვილი