ივანოვი იაკობ ალექსანდრეს ძე (1807 – დაახლ. 70-იანი წლები), არქიტექტორი. 1817–24 სწავლობდა კრემლის მშენებელთა ექსპედიციის საარქიტექტურო სკოლაში (მოსკოვი). 1824 დაინიშნა არქიტექტორის თანაშემწედ.
1841–46 ი. თბილისში მუშაობდა. 1841–44 იყო თბილ. საქალაქო არქიტექტორი და ასრულებდა ყველა მნიშვნელოვან არქიტ. სამუშაოს (ძირითადად საცხოვრ. სახლების პროექტები). ფასადთა დამუშავების დროს იგი იყენებდა გვიანი რუს. კლასიციზმის ელემენტებს, რ-საც ხელისუფლების მიერ „აპრობირებული" ფასადების სავალდებულო ალბომები ნერგავდა. ამავე დროს ითვალისწინებდა თბილისურ სპეციფიკას და თავისი წვლილი შეიტანა XIX ს. საცხოვრ. სახლის არქიტ. განვითარებაში. იგი იყენებდა თბილისური საცხოვრებლის ისეთ ელემენტს, როგორიცაა ხის დიდი აივნები ეზოს მხრიდან. 1842-იდან ხის დაკიდული აივნები ჩნდება ფასადებზედაც. 1846 ი-მა ხის აივნის სვეტების დასაკავშირებლად კოჭების ნაცვლად პირველად გამოიყენა სვეტებზე დაბჯენილი თაღები. ამის შედეგად ქალაქის არქიტექტურაში დამკვიდრდა ახ. ფორმა, რ-იც შემდგომ ფართოდ გავრცელდა.
ი. არის ზუბალაშვილის ქარვასლის პროექტის (1844) ავტორი (აშენდა მეტეხის ხიდის ყურეში, დაანგრიეს 1940). მანვე შეადგინა თბილ. თეატრის ორი პროექტი (1844 და 1845 წლებში), რ-ებიც არ განხორციელდა.
თბილისიდან წასვლის შემდეგ იგი მუშაობდა რუს. სხვადასხვა ქალაქში არქიტექტორად, კერძოდ, 1849–56 მისი პროექტით ქ. ტულაში აშენდა ოფიცერთა სახლი.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., თბილისის ხუროთმოძღვრება. 1801–1917 წლები, ტ. 1–2, თბ., 1960–63; საქართველოს ცენტრალური ისტორიული არქივი, ფ. 4, აღწ. 7, საქმე N1533.
თ. გერსამია