იდეალიზმი

იდეალიზმი (ფრანგ. idéalisme - ბერძნ. idea – იდეა; ქართ. „თაურხატი", „ნიმუში", „არსი"), აღნიშნავს იმ ფილოსოფიურ მიმართულებებსა და კონცეფციებს, რ-თა მიხედვითაც სინამდვილის წყარო არის გონება, შემეცნება, აზროვნების პროცესი. იდეალური არსი არის სინამდვილის, ცოდნისა და მორალის საფუძველი. ამდენად, ადამიანთა ცალკეული მოქმედებებიც კი გონივრული განსჯის შედეგად უნდა იქნეს განსაზღვრული და შეფასებული.

ტერმინი „იდეალიზმი“, როგორც ფილოს. შეხედულებების აღმნიშვნელი, გერმ. ენობრივ ველში ჩნდება XVIII ს-ში, მის მთავარ საპირისპირო ცნებად კი განიხილება „მატერიალიზმი“. მაგ., ლაიბნიცისთვის პლატონი იდეალისტია, ხოლო ეპიკურე კი მატერიალისტი. ეს ხედვა განავრცეს ქ. ვოლფმა და მისმა მიმდევრებმა, რ-თა მიხედვით, სული არამატერიალური ობიექტია; მაშასადამე, სულის არსებობა არამატერიალური სახისაა. ამ ჭრილში, ი-ის საპირისპირო ცნებად „რეალიზმი“ გვევლინება. უფრო მეტიც, იდეალისტთა მიხედვით, სამყარო დაფუძნებულია სულში, გონებაში. საგნის არსებობა ნიშნავს იმას, რომ ის იქნება გონების მიერ გაგებული და აღქმული. იდეალისტისთვის გონების მიღმა და გარეთ არსებული რეალობის შესახებ ვარაუდის დაშვებაც კი მიუღებელია, რადგან მის შესახებ ცოდნის ფლობა შეუძლებელია. ცოდნის მთავარი წყარო არის გონება და მისი უნარი.

ერთმანეთისაგან განასხვავებენ ი-ის სხვადასხვა სახეებს: ჯ. ბერკლის სუბიექტური ი., ი. კანტის ტრანსცენდენტალური (კრიტიკული) ი., გერმ. აბსოლუტური (ობიექტური) ი., ანგლო-ამერიკული ი., პანფსიქიზმი, პერსონალური ი. და სხვ. ისტორიულად სამყაროს იდეალისტური ხედვა უკავშირდება პლატონის სახელს, რ-მაც თავის დიალოგებში (განსაკუთრებით კი, „სახელმწიფოში“) იდეების თეორია განავითარა, რ-შიც იდეები საგნებისა და ქმედდებების თაურხატებად, მთავარ მოდელებად აღიქვა. პლატონის მიხედვით, სახელმწიფოს იდეალური მმართველი ის არის, ვინც იდეების სამყაროს შესახებ ცოდნას ფლობს, რადგან სწორედ მან იცის, თუ როგორ უნდა მართოს სამართლიანად სახელმწიფო. პლატონის იდეათა თეორიის გარდასახვა მოხდა შუა საუკუნეებში უნივერსალიების შესახებ გამართულ დავა-კამათში, როდესაც ობიექტური რეალობის არსებობას ხაზი გაესვა არა მარტო სულში, არამედ თვით იდეათა თვითმყოფად რეალობაშიც. სწორედ ამ ტიპის თვითმყოფად იდეებს ეწოდა უნივერსალიები.

ისტორიული თვალსაზრისით შეიძლება ვისაუბროთ სუბიექტური და ობიექტური ი-ის შესახებ. ფილოს. ისტორიაში სუბიექტური ი-ის მთავარ წარმომადგენლად ირლანდიელი ფილოსოფოსი და თეოლოგი ჯორჯ ბერკლი მიიჩნევა, ხოლო ობიექტური ი-ის თვალსაჩინო წარმომადგენელი გერმ. ფილოსოფოსი გეორგ ვილჰელმ ფრიდრიხ ჰეგელია. ი-ის განვითარების ისტორიის მწვერვალს კი წარმოადგენს გერმანული ი., რ-იც მოიცავს ფილოს ისტორიის უმნიშვნელოვანეს ეპოქას ი. კანტსა და გ. ჰეგელს შორის. მისი მთავარი წარმომადგენლები არიან: ი. ფიხტე, ფ. შელინგი და გ. ჰეგელი. თავად კანტის ფილოსოფია კი ტრანსცენდენტური (კრიტიკული) ი-ის სახელით შეიძლება იქნეს მოხსენიებული, რადგან კანტი არ უარყოფს გარე სამყაროს არსებობას. მისი აზრით, არსებობს ჩვენი ცნობიერებისგან დამოუკიდებელი „ნივთი თავისთავად“, რ-ის შემეცნება ჩვენ არ შეგვიძლია. ის ჩვენი შემეცნებითი უნარების მიღმაა. ადამიანს მხოლოდ იმ ნივთების შემეცნება ძალუძს, რ-ებიც მის შემეცნებით „მე-ს ევლინება“. მაშასადამე, ჩვენ შევიმეცნებთ ნივთებს, როგორც მოვლენებს.

გერმანული ი-ის ნაყოფიერი რეცეფცია მოხდა ბრიტანულ ი-ში, რ-იც XIX ს-ის ბოლო მესამედსა და XX ს. პირველ მესამედში ინგლისში წამყვან ფილოსოფიურ მიმდინარეობას წარმოადგენდა. ეს მიმართულება განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა ჰეგელის იდეალისტურ ფილოსოფიას და მის გარკვეულ ტრანსფორმაციასაც ახდენდა. ბრიტანული ი-ის დამფუძნებლად ითვლება თ. ჰ. გრინი. მისი ცნობილი მოწაფე იყო ბ. ბოზანკეტი, რ-იც თ. ჰ. გრინთან და ფ.ჰ. ბრედლისთან ერთად ინგლისური ნეოჰეგელიანობის მთავარ წარმომადგენლად ითვლება. 

საქართველოში ი-ის კვლევას ხანგრძლივი და საინტერესო ისტორია აქვს. თავდაპირველად ის პლატონის და პლატონიკოსების მოძღვრების რეცეფციით იწყებდა (იოანე პეტრიწი), შემდეგ ახალი დროის რაციონალიზმის თვალსაჩინო წარმომადგელების (მაგ., გ. ლაიბნიცი, კ. ვოლფი) შეხედულებების გაცნობითა და საკუთარ შემოქმედებაში ინტეგრირების გზით ხორციელდება (ანტონ პირველი, იონა ხელაშვილი), შემდეგ კი კანტის ტრანსცენდენტური (კრიტიკული) ი-ის ნაყოფიერი ათვისებით ვლინდება, რისი ნათელი დასტურიც ს. დოდაშვილის „ლოგიკაა“ (1827). გერმანული იდეალ. ფილოსოფიის წარმომადგენლების შეხედულებები საგანგებო მსჯელობის საგნად არის ქცეული შ. ნუცუბიძის ალეთოლოგიურ ნაშრომებში. გერმ. ი-ის მრავალმხრივი კვლევა-ძიება კი XX ს. ქართულ ფილოსოფიაში კ. ბაქრაძის სახელს უკავშირდება. მის კალამს ეკუთვნის მნიშვნელოვანი გამოკვლევები: „დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში“ (1929) და „სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში“ (1936). პირველ ნაშრომში გერმანული ი-ის მთავარ პრინციპად სუბიექტის პრინციპია მიჩნეული, ხოლო დიალ. მეთოდი კი სუბიექტსა და ობიექტს შორის არსებული დუალიზმის მოხსნის მთავარ საშუალებად არის მიჩნეული, რ-ის საბოლოო შედეგიც მონისტური სისტემის აგებაა. მეორე გამოკვლევა პირველი გამოკვლევის თემატურ განვრცობას წარმოადგენს და ჰეგელის დიალექტიკური ნააზრევის თავისებურებებს ეხება. მასში ხაზგასმულია სისტემისა და მეთოდის ორგ. ერთიანობა ჰეგელის აზროვნებაში, რასაც გადამწყვეტი როლი ენიჭება ჰეგელის იდეალისტური ფილოსოფიის შექმნის პროცესში. სუბიექტური და ობიექტური იდეალიზმის აქტუალურ პრობლემებს ფილოსოფიის ისტორიის ჭრილში კ. ბაქრაძე განიხილავს თავის ერთ-ერთ ცნობილ ნაშრომში „ახალი ფილოსოფიის ისტორია“ (1969). აღსანიშნავია, რომ XX ს-ში საბჭოთა საქართველოს ოფიც. ფილოსოფიის წარმომადგენლები, ი-ის პრობლემატიკას ხშირად ცალმხრივად, მატერიალისტური, მარქსისტულ-ლენინური აზროვნების კონტექსტში განიხილავდნენ. ამის დასტურია ამ პერიოდში გამოქვეყნებული არაერთი ნაშრომი მატერიალიზმისა და იდეალიზმის ურთიერთმიმართების შესახებ (დ. კალანდაძე, ვ. კერძევაძე, ვ. კილაძე, შ. კობახიძე, პ. შარია, ვ. ქაცარავა და სხვ.).

ი-ისა და იდეალ. ფილოსოფიის სხვადასხვა საკითხებს ეძღვნება ცნობილი ქართველი მკვლევრების (მ. გოგიბერიძე, ს. წერეთელი, გ. თევზაძე, თ. ბუაჩიძე, ა. პოპიაშვილი და სხვ.) არაერთი საყურადღებო ნაშრომი.  

ლიტ.: ბაქრაძე კ., დიალექტიკის პრობლემა გერმანულ იდეალიზმში, ტფ., 1929; მისივე, სისტემა და მეთოდი ჰეგელის ფილოსოფიაში, ტფ., 1936; ბუაჩიძე თ., ჰეგელი და ფილოსოფიის არსების პრობლემა, თბ., 1976; გოგიბერიძე მ., მატერიალიზმის და დიალექტიკის პრობლემების განვითარება მარქსამდე, ტფ., 1928; თევზაძე გ., იმანუელ კანტი, თბ., 1974; ირემაძე თ., ალეთეიოლოგიური რეალიზმი. შალვა ნუცუბიძე და მისი აზროვნების ახლებური საწყისები, გერმანულიდან. თარგმნა გ. თავაძემ, თბ., 2013; წერეთელი ს., ლოგიკური კავშირის დიალექტიკური ბუნების შესახებ, თბ., 1956.

თ. ირემაძე