თამარი, გურჯი - ხათუნი

თამარი გურჯი-ხათუნის მონეტა. 1236. ზემოთ – შუბლი, ქვემოთ –ზურგი

თამარი, გურჯი - ხათუნი (XIII ს.), სა­ქარ­თვე­ლოს მეფის რუსუდანის ასული. მამამისი, მოღის ედ-დინი, იყო არზრუმის გამგებლის თოდრულ ტოღრილის ძე. 1236 მიათხოვეს რუმის სულთან ყიას ედ-დინ ქეი ხუსრევ II-ს (1236–46). თ-მა დიდი გავლენა მოიპოვა სულთნის კარზე. 1236 მოჭრილ ფულზე სულთანმა სიმბოლურად ამოატვიფრინა მისი სახე (მზე ლომის ზოდიაქოში). ასე შეიქმნა აღმოსავლეთში ცნობილი ემბლემა „შირ-უ-ხურშიდ"(ლომი და მზე), რ-იც შემდეგ სელჩუკთა სხვა სულთნებმაც გამოიყენეს და მოგვიანებით სპარსეთშიც დამკვიდრდა. სულთნის გარდაცვალების შემდეგ ქვეყნის გამგებლობა ხელთ იგდო ვეზირმა მუინ ედ-დინ სულეიმან ფერვანამ და იმდროინდელი ტრადიციების მიხედვით სულთნის ქვრივი – გურჯი-ხათუნი ცოლად შეირთო. გურჯი-ხათუნი მეგობრობდა აღმოსავლეთის უდიდეს პოეტ ჯალალ ალ-დინ რუმისთან. დედოფლის მცდელობით შეიქმნა რუმის პირველი პორტრეტი. მისივე უშუალო ხელმძღვანელობით აშენდა პოეტის მწვანე თურბეც (აკლდამა), რ-იც სელჩუკური არქიტ. მშვენებაა.

წყა­რო: ჟამთააღმწერელი, წგ.: ქარ­თლის ცხოვრება, ს. ყაუხჩი­შვი­ლის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.

ე. ჯაველიძე