თამარი, ქართლის დედოფალი, მეფე დავით X-ის მეუღლე, ლუარსაბ I-ის დედა. 1554 ქართლის სამეფოს წინააღმდეგ ერთ-ერთი ლაშქრობის დროს ატენის ციხეში თავშეფარებული თ. დაატყვევა ირანის შაჰმა თამაზ I-მა და სხვა 30 ათას ტყვესთან ერთად სპარსეთში გაგზავნა. ტყვეობასა და სამარცხვინო სიცოცხლეს თ-მა სიკვდილი ამჯობინა და გზაში თავი მოიწამლა. ქართ. ისტორიოგრაფიაში თ-ს ხშირად ნესტან-დარეჯანს უწოდებდნენ. ბოლო დროს უპირატესობა თ-ს ეძლევა.
წყარო: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959;ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, იქვე, ტ. 4, თბ., 1973; ქართლის ცხოვრება, მთ. რედ. რ. მეტრეველი, თბ., 2008.
ლიტ.: საითიძე გ., ნინიძე დ., ლუარსაბ I-ის დედის ვინაობის საკითხისათვის, {არტანუჯი}, 1995, №4; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, ტ. 3, თბ., 1982 (თხზ. თორმეტ ტომად).
გ. საითიძე