თამარი, ქართლის დედოფალი XVII ს-ში, გიორგი X-ის მეუღლე, ლუარსაბ II-ის დედა. თ-ის მამა, გიორგი III დადიანი ოდიშის სამთავროში სალიპარტიანოდ სახელდებული მამულის მფლობელი იყო (ამის გამო იწოდებოდა ლიპარტიანად). თ-ს ჰყავდა ორი და – ხორეშანი, რ-ის სახელი დაარქვა თავის ერთ-ერთ ასულს (შემდეგში მეფე თეიმურაზ I-ის მეუღლე), და მანია – რ-ის ხელშეწყობით XVII ს. დასაწყისში ხელნაწერი წიგნი „ცაიშის გულანი" შეიქმნა. თ-მა შვილთან ერთად მეუღლის – მეფე გიორგის მოსახსენებელი დააწესა სვეტიცხოველში, მისივე სულის სააღაპედ მთაწმინდის პორტაიტის ღვთისმშობლის მონასტერს მეჯვრისხეველი გლეხები შესწირა. მანვე თბილ. მელიქს ბაჟის აღების წესი განუსაზღვრა.
თ-ს ლუარსაბის საცოლედ მანუჩარ დადიანის ასული, მარიამი ჰყავდა შერჩეული და არ უნდოდა შვილის ქორწინება გიორგი სააკაძის დასთან, თუმცა მაინც გაუწია ანგარიში არჩევანს და ცნო ეს ქორწინება. 1614, ირანის შაჰის აბას I-ის ერთ-ერთი შემოსევის დროს თ. ეწინააღმდეგებოდა ლუარსაბის იმერეთის სამეფოში გახიზვნას, თუმცა უშედეგოდ. თ-მა გადაწყვიტა დარჩენა და დამპყრობელთან მშვიდობიანი მოლაპარაკების გზით ურთიერთობის მოგვარება, მაგრამ ქართვ. კარისკაცების ერთმა ჯგუფმა თ-ის მიმართ იმდენად მტრული დამოკიდებულება გამოავლინა, რომ მისი ქონებაც კი ხელყო. გაძარცული და დამცირებული თ. მცირე ამალის თანხლებით იძულებით გადაიხვეწა თავდაპირველად იმერეთის სამეფოში, მოგვიანებით ოდიშის სამთავროში, ხოლო მას შემდეგ, რაც ლუარსაბი შაჰ-აბასის ტყვეობაში აღმოჩნდა, იგი ირანში ჩავიდა და შაჰს შვილის გათავისუფლება თხოვა. შაჰის ბრძანებით თ. ციხეში დაამწყვდიეს. გარდაიცვალა იქვე.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973; პირთა ანოტირებული ლექსიკონი, I. გამოსაცემად მოამზადეს: დ. კლდიაშვილმა, მ. სურგულაძემ, ე. ცაგარეიშვილმა და გ. ჯანდიერმა, თბ., 1991; ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 2, თბ., 1959; ცხოვრება საქართველოჲსა (პარიზის ქრონიკა), გ. ალასანიას გამოც., თბ., 1980; ძველი ქართული ლიტერატურის ქრესტომათია, I, შედგენილი ს. ყუბანეიშვილის მიერ, თბ., 1944.
ლიტ.: ა რ ა ხ ა მ ი ა გ., საქართველოს ისტორიისა და წყაროთმცოდნეობის საკითხები, თბ., 2009; გრიგოლია კ., ზებედე მღვდელ-მონაზონი და მისი ანდერძი, {ს. ჯანაშიას სახ. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმის მოამბე}, ტ. 17 B, თბ., 1953.
გ. არახამია