თამარი (გ. 1683), ქართლის მეფის ვახტანგ V-ის ძმისწული. განთქმული იყო თავისი სილამაზით. 1661 ვახტანგ V-მ შამადავლე იოსების ძე (შემდეგში ლევან III დადიანი) სამეგრელოს მთავრად დასვა და ცოლად შერთო თ., რ-იც შემდეგ დიდი ცილობის საგნად იქცა დას. საქართვ. მეფე-მთავრებს შორის; 1663 იმერეთის მეფე ბაგრატ IV-მ ლევან III დადიანს წაართვა თ. და თვითონ შეირთო. მათ ქალ-ვაჟი – დარეჯანი და გიორგი შეეძინათ. ლევან III დადიანი ცოლის დაკარგვას არ შერიგებია, რამდენჯერმე სცადა მისი უკან დაბრუნება, მაგრამ უშედეგოდ. მალე ბაგრატსა და ლევანს ახ. კონკურენტი გამოუჩნდათ გიორგი III გურიელის სახით. კონკურენტი რომ ჩამოეშორებინა, ბაგრატ IV-მ მას ცოლად შერთო თავისი ასული დარეჯანი (ნაშობი თ-საგან). 1678 ვახტანგ V-ის ვაჟმა არჩილ II-მ იმერეთის მეფობა წაართვა ბაგრატ IV-ს და თ. ლევან III „დადიანს დაუბრუნდა. 1679 ახალციხის ფაშას დახმარებით ბაგრატ IV-მ ტახტი დაიბრუნა", მაშინვე თავს დაესხა ლევან III დადიანს და თ. კვლავ წაართვა. 1680 ლევან III დადიანისა და 1681 ბაგრატ IV-ის გარდაცვალების შემდეგ გიორგი გურიელი გაეყარა ცოლს და შეირთო თავისი სიდედრი თ. თ-ის სახე დაუდო საფუძვლად ა. წერეთელმა თავის პოემას „თამარ ცბიერი", რ-ის მიხედვითაც მ. ბალანჩივაძემ შექმნა იმავე სახელწოდების ოპერა.
წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.
ლიტ.: ჯ ა მ ბ უ რ ი ა გ., საქართველოს გაერთიანების ცდები. ფეოდალური ანარქია დასავლეთ საქართველოში (XVII ს-ის 60–90-იანი წლები), წგ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973.
გ. საითიძე