გიორგი ბატონიშვილი (ბ ა გ რ ა ტ ი ო ნ ი) (2. VIII. 1712, თბილისი, – 19. XII. 1786, მოსკოვი), მოსკოვის ქართული ახალშენის მეთაური, ვახტანგ VI-ის ძე. რუს. იმპერიის არმიის გენერალ-ანშეფი, მეცენატი, ქველმოქმედი.
1724 მშობლებთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად რუსეთში გაემგზავრა. მამამ იგი პეტერბურგის საიმპერატორო კარზე გაგზავნა, სადაც დაეუფლა რუს., გერმ. და ფრანგ. ენებს. აქ შეისწავლა ფილოსოფია, ისტორია, სამხ. ხელოვნება, წერდა ლექსებსაც.
გ. ბ. რუსეთ-შვედეთის ომის (1741– 43) დროს მეთაურობდა ესკადრას. თავი გამოიჩინა რაინის კამპანიაში (1747–48), შვიდწლიან ომში (1756– 63). ბაქარის გარდაცვალების შემდეგ (1750) გ. ბ. მოსკ. ქართ. ახალშენის ფაქტობრივი მეთაური გახდა და აქ დიდი სამშ. საქმიანობა გაშალა. პრესნიაზე, ქართ. დასახლებაში, მთავარმოწამე წმ. გიორგის საყდარი ააგო. შემდეგ შეიძინა სხვა მამულები და გააფართოვა სამეურნ. საქმიანობა მოსკ. მაზრაში, ასტრახანში, ნიჟნი-ნოვგოროდის გუბერნიაში. მოსკოვში მოაწყო მდიდარი ბ-კა. მის სასახლეში თავს იყრიდნენ ქართვ., რუსი და ევრ. მოღვაწენი. სამშობლოში პერიოდულად გზავნიდა საეკლ. ინვენტარს და სხვ. საჩუქრებს.
გ. ბ-ს ახლო და საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა მოსკ. უნ-ტის მესვეურებთან, 1785 უნ-ტს შესწირა 10 ათ. მანეთი (ოქროთი). ამის აღსანიშნავად უნ-ტის შენობაში 100 წელზე მეტხანს გამოკრული იყო მისი მოსახსენიებელი დაფა.
დაკრძალულია მოსკ. ქართველთა ნეკროპოლში – დონის მონასტერში.
გ. ბ. დაჯილდოებული იყო წმ. ალექსანდრე ნეველის, წმ. ანას I ხარისხისა და წმ. ნინოს (პორტუგალია) ორდენებით.
ლიტ.: რ უ ხ ა ძ ე ტ., ქართულ-რუსული ლიტერატურული ურთიერთობის ისტორიიდან (XVI–XVIII სს.), თბ., 1960; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფ., ქართული კულტურის კერის შექმნა მოსკოვში, «ისტორია, საზოგადოებათმცოდნეობა, გეოგრაფია სკოლაში», 1968, №2; ყ უ ბ ა ნ ე ი შ ვ ი ლ ი ს., დავით გურამიშვილი ქართველ ჰუსართა პოლკში, თბ., 1955; Д ж а в а х и ш в и л и Н., Грузины под Российским флагом, Тб., 2002.
ფ. სიხარულიძე