გომი

გომი, სოფელი ხაშურის მუნიციპალიტეტში (შიდა ქართლის მხარე), დოღლაურის ვაკეზე (შიდა ქართლის ვაკის დას. ნაწილი), მდ. მტკვრის მარცხ. მხარეს, ხაშური – ქარელის სარკინიგზო და საავტ. გზაზე. თემის ცენტრი (სოფლები: გ., აგარები, დიდი სატივე, ვაყა, პატარა სატივე, ქვემო აძვისი, ხიდისყური). ზ. დ. 640 მ, ხაშურიდან 12 კმ. 1,4 ათ. მცხ. (2002).

სოფელში ფუნქციონირებს სააქციო საზ-ბა „გომის სპირტისა და არყის კომპანია".

გ. მოხსენიებული აქვს ვახუშტი ბატონიშვილს (XVIII ს.) ძამის ხეობის სოფელთა სიაში. შედიოდა საციციანოს შემადგენლობაში. 1865 გ. თავისი 90 კომლით ხიდისთავის უბნის გომის სასოფლო თემის შემადგენლობაში შედიოდა.

სოფლის დას-ით, სასაფლაოზე, დგას ნატეხი ქვით ნაგები აგარების დარბაზული ეკლესია. კონქში შემორჩენილია მოხატულობის კვალი. სოფლის აღმ-ით 1 კმ-ზე, სასაფლაოზე, ქვიშაქვის კვადრებით ნაგები ღვთისმშობლის დარბაზული ეკლესიაა. ორივე ეკლესია თარიღდება გვიანდ. შუა საუკუნეებით. სოფლის აღმ-ით 1 კმ-ზე არის ასევე კოშკის ნაშთი.

დ. სვანიძე

ჯ. გვასალია

შ. საღარაძე