გიორგი II

საქართველოს მეფე 1072–89, ბაგრატ IV-ის ძე. მას მძიმე საშინაო და საგარეო პირობებში მოუხდა მეფობა. 1073 მას განუდგნენ დიდგვაროვანი ფეოდალები: ნიანია ქვაბულის ძე, ივანე ლიპარიტის ძე და ვარდან სვანთა ერისთავი. ნიანია ქვაბულის ძემ ქუთაისი დაიკავა, ივანე ლიპარიტის ძემ კახელები მოიშველია და ქსნისპირი დაიპყრო, ხოლო ვარდანმა სვანები ააჯანყა და საეგრო (ეგრისი) დაარბია. მათი დამორჩილების შემდგომ გ. II გარკვეულ დათმობაზე წავიდა და ურჩი ყმები „წყალობით დაფარა". ივანე ლიპარიტის ძეს სამშვილდე უბოძა, მის ვაჟს – ლიპარიტს – ლოწობანი (რუსთავის ნაცვლად, ეს უკანასკნელი კახელებს გადაეცა), ნიანია ქვაბულის ძეს – თმოგვი, ვარდან სვანთა ერისთავს – ასკალანა და ა. შ. 1074 ივანე ლიპარიტის ძე კვლავ განუდგა მეფეს. გ. II-მ მესხთა ლაშქრითა და კახთა მეფის აღსართანის დახმარებით გამდგარი ფეოდალი დაამარცხა. ლიპარიტს ლოწობანი წაართვეს და სამეფოს შემოუერთეს. მალე მეფე და ივანე ლიპარიტის ძე დაზავდნენ, მაგრამ ურჩმა ფეოდალმა გ. II-ის მეციხოვნეებს გაგი გამოსტყუა და განძის პატრონს – ფადლონს – მიჰყიდა.
1073 (ან 1074) საქართველოს შემოესია „დიდ სელჩუკთა" სახელმწიფოს სულთანი მალიქ-შაჰი, რ-მაც აიღო სამშვილდე, დაარბია ქართლი და დიდძალი ტყვითა და ნადავლით უკან გაბრუნდა. იმავე ხანებში სულთნის ლაშქრით საქართველოს შემოესია მალიქ-შაჰის მიერ განძის გამგედ დანიშნული სარანგი. გ. II-მ აღსართან კახთა მეფე მოიშველია და ფარცხისთან დაამარცხა მტერი. ამ გამარჯვების შემდეგ, როგორც „მატიანე ქართლისა" მოგვითხრობს, მეფემ აიღო ანაკოფია, „მრავალნი ციხენი კლარჯეთისა, შავშეთისა, ჯავახეთისა და არტანისა", აგრეთვე კარის ციხე-ქალაქი, „სიმაგრენი ვანანდისა და კარნიფორისანი" და გააქცია თურქები.

საერთაშ. მდგომარეობის გართულებამ (1074 ბიზანტია იძულებული გახადა თავისი სამფლობელოს აღმ. მიწა-წყლის დიდი ნაწილი თურქებისათვის დაეთმო) ახ. საფრთხე შეუქმნა საქართველოს: მტერი უკვე ორი მხრიდან – დასავლეთიდან და აღმოსავლეთიდან უტევდა. 1079 ყველის ციხესთან მდგომ გ. II-ს თავს დაესხნენ დიდძალი თურქები ამირა აჰმადის მეთაურობით. მეფე იძულებული გახდა უბრძოლველად გასცლოდა მტერს. თურქებმა ააოხრეს საქართვ. დიდი ნაწილი და აურაცხელი ალაფით გაბრუნდნენ უკან. XI ს. 80-იანი წლების დამდეგიდან დაიწყო სელჩუკიან თურქთა ახ. შემოსევები (იხ. „დიდი თურქობა"). გ. II დიდებულებთან მოთათბირების შემდეგ სულთან მალიქ-შაჰს ეახლა (სავარაუდოდ 1081–82) და მორჩილება გამოუცხადა. საქართველო სელჩუკიანი თურქების მოხარკე გახდა. კმაყოფილმა მალიქ- შაჰმა საქართვ. სამეფო გაათავისუფლა „ზედამარბეველთაგან", გ. II-ს კახეთ-ჰერეთი მისცა და მის შესაერთებლად ლაშქარიც გამოაყოლა. მტრისა და ქართველთა გაერთიანებული ჯარი კახეთს შეესია, ვეჯინის ციხეს გარშემოადგა. ვეჯინის ალყა ხანგრძლივი გამოდგა. ზამთარში მოულოდნელად გ. II-მ ალყა მოხსნა და დას. საქართველოში გადავიდა, რის გამოც მას კიცხავს დავით აღმაშენებლის ისტორიკოსი. ქვეყნის ისედაც გართულებულ მდგომარეობას ზედ დაერთო სტიქიური უბედურება – მიწისძვრა (1088), რ-იც თითქმის მთელი წელიწადი გაგრძელდა და მრავალი ადამიანი იმსხვერპლა. მძიმე საშინაო და საგარეო მდგომარეობისა და მწვავე სახელმწიფოებრივი კრიზისის პირობებში საქართვ. სამეფო კარზე მოხდა გადატრიალება. 1089 გ. II ტახტიდან გადააყენეს და მეფედ მისი ძე დავითი (შემდეგ აღმაშენებლად წოდებული) დასვეს. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი (ვახუშტი ბატონიშვილი, მარი ბროსე) გ. II-ის გარდაცვალების თარიღად მიიჩნევს 1089, ხოლო ზოგიერთი (ნ. ურბნელი, თ. ჟორდანია, დ. კარიჭაშვილი) – 1112.

ლიტ.: მ ე ტ რ ე ვ ე ლ ი რ., დავით IV აღმაშენებელი, მეფე თამარი, თბ., 2002; მ ი ს ი ვ ე, გიორგი II, თბ., 2004 (თანაავტ. ჯ. სამუშია); ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 2, თბ., 1983 (თხზ. თორმეტ ტომად, ტ. 2).

რ. მეტრეველი