გიორგი II

გიორგი II, იმერეთის მეფე 1565–85, ბაგრატ III -ის ძე. თავისი მეფობის დასაწყისში გ. II-ს ოდიშისა და გურიის მთავრებთან მშვიდობიანი ურთიერთობა ჰქონდა. შემდეგ, მთავართა გათიშვის მიზნით, გიორგი I გურიელს დაუმოყვრდა. ლევან I -მა დადიანმა ამ მოყვრობაში თავისთვის საფრთხე დაინახა. მან გ. II-ის ტახტიდან ჩამოგდება და მისი ბიძაშვილის ხოსრო ბატონიშვილის გამეფება განიზრახა. ლევანმა მიიმხრო განკერძოებისათვის მებრძოლი ჭილაძეთა საგვარეულოს მეთაური ვარაზ ჭილაძე. 1568 გ. II სოფ. იანეთთან მოულოდნელად თავს დაესხა დადიანს და მის მომხრეებს, დაამარცხა ისინი და საჯავახო დაიკავა. მეფის გაძლიერების შიშით დადიანი და გურიელი გაერთიანდნენ, გ. II-ს წაართვეს საჯავახო და შუაზე გაიყვეს. მიუხედავად ამ მარცხისა, გ. II-მ მაინც მოახერხა მთავრებთან დროებითი მშვიდობის დამყარება. გ. II-ს ბრძოლა უხდებოდა ოსმალებთანაც. 1578 მან ლიხის მთის სიმაგრეებთან დაამარცხა და უკუაგდო ლალა-ფაშის მიერ იმერეთის დასალაშქრად გაგზავნილი ჯარი. გ. II-მ ტახტის პრეტენდენტებისაგან თავისი მცირეწლოვანი მემკვიდრის ლევანის დასაცავად, 1583 ციხეში გამოკეტა საკუთარი ძმა კონსტანტინე (იხ. კონსტანტინე ბატონიშვილი) და მისი შვილი როსტომი (იხ. როსტომი, იმერეთის მეფე).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: ბ რ ო ს ე მ., საქართველოს ისტორია, ნაწ. 2, თარგმ. ს. ღოღობერიძისა, ტფ., 1900.

ო. სოსელია