გიორგი II

გიორგი II, ა ვ გ ი ო რ გ ი, კახეთის მეფე 1511–13, კახთა მეფის ალექსანდრე I-ის ძე. ავგიორგი შეარქვეს მრავლად ჩადენილ ბოროტ საქმეთა გამო: სამეფო ტახტის მისაკუთრების მიზნით 1511 მოკლა მამა, შეიპყრო უმცროსი ძმა დიმიტრი, დასთხარა თვალები და კახეთიდან გააძევა. დაპყრობის მიზნით გამუდმებით არბევდა და აოხრებდა ქართლს. გ. II-ის ალაგმვა ითავა ქართლის მეფე დავით X -ის ძმამ – ბაგრატ ბატონიშვილმა, რ-მაც მეფეს საბატონოდ მუხრანის მხარე მოსთხოვა და იქ ციხე ააგო. გ. II-მ შეიტყო ბაგრატის განზრახვა, შეყარა ჯარი და ციხეს გარს შემოადგა. 3 თვის უშედეგო ალყის შემდეგ გ. II კახეთში გაბრუნდა. მალე კვლავ გაილაშქრა. ამ ლაშქრობის დროს ბაგრატმა იგი შეიპყრო და მუხრანის ციხეში გამოკეტა, სადაც გ. II მალევე გარდაიცვალა (მეორე ვერსიით მოკლეს).

წყარო: ვახუშტი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა, წგ.: ქართლის ცხოვრება, ს. ყაუხჩიშვილის გამოც., ტ. 4, თბ., 1973.

ლიტ.: საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 4, თბ., 1973; ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.

გ. აკოფაშვილი