გოგებაშვილი ნოდარ ვლადიმერის ძე (დ. 2. VIII. 1930, თბილისი), იმუნოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1970), პროფესორი (1984), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1991), საქართვ. მედიცინის მეცნ. აკად. წევრი (1994). 1954 დაამთავრა თბილისის სახელმწ. სამედ. ინ-ტი (თსსი); 1964–96 მუშაობდა ტუბერკულოზის სამეცნ.- კვლ. ინ-ტში, სადაც ეკავა ექსპერ. განყ-ბის ხელმძღვანელის, კლინ. და იმუნოლოგიური განყ-ბის უფრ. მეცნ.-მუშაკის, ამავე განყ-ბის გამგის, ინ-ტის დირექტორის თანამდებობები. 1995–2005 იყო პ. შოთაძის სახ. თბილ. სამედ. აკად. იმუნოლოგიისა და ალერგოლოგიის კათედრის გამგე. გ-მა შეისწავლა და დაადგინა სხივური დაავადების დროს ბაქტერიოფაგიის კანონზომიერებანი, ტუბერკულოზის თანამედროვე იმუნოლოგიის მექანიზმები. მნიშვნელოვანია მისი გამოკვლევები I ტიპის კოლაგენის მიმართ განვითარებული აუტოიმუნური პროცესის თავისებურებების შესახებ ტუბერკულოზის, ფსორიაზის, პაროდონტიტის და სხვ. პათოლოგიური პროცესების დროს. 1994 მისი ხელმძღვანელობით შემუშავებულ იქნა ტუბერკულოზთან ბრძოლის პროგრამა. გ. 1983 აირჩიეს სსრკ სამედ. აკადემიის პრეზიდიუმთან არსებული იმუნოლოგიის სამეცნ. საბჭოს წევრად, 1984 – მის მიერვე ჩამოყალიბებულ საქართვ. იმუნოლოგთა საზ-ბის პრეზიდენტად. 1997–2006 იყო ალერგოლოგთა და კლინ. იმუნოლოგთა ასოციაციის თავ-რე. 2006-იდან არის ამ ასოციაციის საპატიო პრეზიდენტი.
გ-ს მიღებული აქვს მრავალი ჯილდო, მ. შ. ზაზა ფანასკერტელ-ციციშვილის მედალი (1994), ღირსების ორდენი (1999).
თხზ.: მაიონიზირებელი გამოსხივების გავლენა ორგანიზმის იმუნო-ბიოლოგიურ რეაქტიულობაზე, თბ., 1963; Иммунологическая реактивность организма при туберкулёзе, Тб., 1975.