გუდიაშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე

ნ. გუდიაშვილი

გუდიაშვილი ნიკოლოზ ივანეს ძე (19. V. 1913, თბილისი, – 7. IV. 1998, იქვე), კომპოზიტორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1961). საქართვ. სახ. არტისტი (1990). 1937 დაამთავრა თბილ. სახელმწ. კონსერვატორია (ს. ბარხუდარიანის საკომპოზიციო კლასი), 1941 – ასპირანტურა (პ. რიაზანოვის ხელმძღვანელობით). 1937-იდან თბილ. კონსერვ. პედაგოგი იყო, 1981-იდან – პროფესორი. გ. მუშაობდა თეატრ., სიმფ. კამერულ-საკრავიერ, კამერულ-ვოკალურ, საგუნდო და საესტრადო მუსიკის სფეროში. მისი საფორტეპიანო კვინტეტი (1948) ამ ჟანრის პირველი და საუკეთესო ნიმუშია ქართ. მუსიკაში. გ-ს ეკუთვნის ოპერები: „ელისო" (ა. ყაზბეგის მიხედვით, 1944), „ქეთევან წამებული" (1960); ერთმოქმედებიანი ოპერები – „სისხლიანი სუფრა", „შურისძიება" და „ვივა ივერია" (სამივე 1971); 2 ბალეტი: „დედის მანდილი" (1951) და „ნარიყალას ციხესთან" (1958); ოპერეტები: „შეხვედრა აგარაკზე" (1950), „საჩუქარი" (1951), „სალხინობელი" (1953), „ვახშამზე" (1959); 4 სიმფონია (1944, 1949, 1968, 1980); 5 საფორტეპიანო კონცერტი (1941, 1946, 1948, 1961, 1980); სიმებიანი კვარტეტები, საფორტეპიანო კვინტეტი (1948), საფორტეპიანო სონატინა (1950), 24 პრელუდია და ფუგა (1975), რომანსები, ხალხ. თემებზე შექმნილი საესტრადო ჟანრის "ქართული ფანტაზია", რ-მაც დიდი პოპულარობა მოიპოვა 40-იანი წლებიდან ქართველ და, კერძოდ, თბილისელ მუსიკის მოყვარულთა შორის. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.