გრიგოლ I დ ი დ ი (Gregorius Magnus) (დაახლ. 540, რომი, – 12. III. 604, იქვე), რომის პაპი 590-იდან, ანციუსების ძვ. რომაელი პატრიციების გვარიდან.
ატარებდა მოქნილ პოლიტიკას. საფუძველი ჩაუყარა პაპების საერო ხელისუფლებას და განამტკიცა პაპობის პრიმატი დასავლეთის ქვეყნებზე. დიდი დამსახურება მიუძღვის ლიტურგიის რეფორმაში. შექმნა გრიგორიანული ქორალი.
გ. I-თვის წერილი მიუწერია ქართლის კათოლიკოს კირიონ I-ს. შემონახულია პაპის საპასუხო წერილი (მ. თამარაშვილის აზრით, იგი 596 უნდა იყოს დაწერილი). როგორც ჩანს, კირიონ I-ს გ. I-თვის ნესტორიანული მწვალებლობის (იხ. ნესტორიანობა) გამო მიუმართავს.
გ. I-ის „დიალოღონი" 1011 ქართულად უთარგმნია ექვთიმე მთაწმიდელს.
გ. ჟორდანია