გუჯაბიძე ბიძინა სერგოს ძე (დ. 20. I. 1960, სოფ. ჩოჩხათი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), ალპინისტი, მეკლდეური. დაამთავრა საქართვ. ტექ. უნ-ტი (1982). შესრულებული აქვს ასვლები უშბაზე (8 ასვლა, ერთი ჩქაროსნული – 9 სთ-ში), მყინვარწვერზე (60-მდე ასვლა, ერთი ჩქაროსნული სარეკორდო დროში – 12 სთ 20 წთ), კორჟენევსკაიას პიკზე (ორი ასვლა), კომუნიზმის (1998-იდან ისმაილ სამანის) პიკზე (ორი ასვლა), ლენინის (2006-იდან იბნ სინას) პიკზე (ორი ასვლა), ხან-თენგრიზე (11 ასვლა, 1993–2004), მთავარ ლჰოცზეზე, დჰაულაგირზე (1996), ევერესტზე (ორი ასვლა, 1999, 2004). 7-ათასიანი მწვერვალები დალაშქრა 26 - ჯერ, 8-ათასიანი – 6 ჯერ. ორგზის „თოვლის ჯიქი", ღირსებისა და ვახტანგ გორგასლის ორდენების კავალერი, დაჯილდოებულია ნეპალის სამთავრობო სიგელით.