გუჯაბიძე ვლადიმერ (ლადო) მიხეილის ძე (დ. 26. VIII. 1945, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი), მხატვარი და მოქანდაკე. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია (1971). მისი პედაგოგები იყვნენ თ. ნაცვლიშვილი, ვ. თოფურიძე. მხატვარ-გამფორმებლად მუშაობდა თბილისის კომბინატ „ქალაქგაფორმებაში". მხატვრულად გააფორმა საზოგადოებრივი დანიშნულების რამდენიმე ობიექტი, მათ შორის კინემატოგრაფისტთა და ჟურნალისტთა შემოქმედებითი სახლი (ბიჭვინთა). მონაწილეობდა გამოფენებში აშშ-სა და ჩილეში. 1975 მოეწყო გ-ის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა თბილისში, შემდეგ – იტალიაში. 1976 საცხოვრებლად გადავიდა აშშ-ში, სადაც მუშაობდა ქანდაკების ჩამომსხმელად, დიზაინერად. 1981 მისი სკულპტურული ნამუშევრები ერთდროულად გამოიფინა ნიუ-იორკის რამდენიმე გალერეაში. „კნიკერ ბოკერის" გამოფენაზე მიეკუთვნა ოქროს მედალი. 1989 ო. როდენის სახ. III საერთაშ. კონკურსში (ტოკიო) გ-ის სკულპტურული კომპოზიცია „დაუოკებელნი" 15 გამარჯვებულს შორის მოხვდა და ტოკიოს ერთ-ერთ ქუჩაზე დაიდგა, ხოლო ქანდაკება "მუზა" დგას ჰამილტონის ტბის ნაპირას (ჩიკაგოს მახლობლად, აშშ). გ. ნაყოფიერად მუშაობს ჭედურ ხელოვნებაში, ფერწერასა და გრაფიკაში. მისი ნამუშევრები დაცულია აშშ-ის მრავალ მუზეუმსა და კერძო კოლექციაში.
პ. ნაცვლიშვილი