გურიელი ივანე სტეფანეს ძე (1770 ან 1772–1818, ქ. მოგილიოვი, ბელორუსია), რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1803), შვილიშვილი გურიის მთავრის ქაიხოსრო III გურიელისა რ-იც მეფე ვახტანგ VI-ს გაჰყვა რუსეთში. გენ.-მაიორ ს. გურიელის ვაჟი. 1780 გ. ჩაირიცხა ნაშებურგის ქვეითთა პოლკში. 1786 გადაიყვანეს უგლიჩის მუშკეტერთა პოლკში. მონაწილეობდა რუს.-ოსმ. 1787–91 ომში. ა. სუვოროვის სარდლობით იბრძოდა ბერლიტთან, გალაცთან, ტარგუსთან, რიმნიკთან და სხვ. 1794 მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში, შემდეგ ფანაგორიის გრენადერთა პოლკში მსახურობდა. 1812 სამამულო ომის დაწყებისთანავე სათავეში ჩაუდგა ეკატერინბურგის პოლკს, მონაწილეობდა ბოროდინოს, ტარუტინოს, ვიაზმისა და სხვა ბრძოლებში. რუს. არმიის საზღვარგარეთ ლაშქრობის დროს (1813–14) მეთაურობდა 23-ე ქვეითი დივიზიის I ბრიგადას. თავი გამოიჩინა ნასაუს, დრეზდენის, ბაუცენის, ლაიფციგის, კობლენცისა და სხვა ბრძოლებში. ვიდრე მოკავშირეთა ჯარი პარიზს დაიკავებდა, იერიშით აიღო მონმარტრის მაღლობი. ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოებული იყო წმ. გიორგის, წმ. ანას (ბრილიანტებით), წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხისა და წითელი არწივის (პრუსია) II ხარისხის ორდენებით.
ლიტ.: ჩ ხ ა ტ ა რ ა ი შ ვ ი ლ ი ქ., გენერალი ივანე გურიელი, «ცისკარი», 1972, № 5.
ქ. ჩხატარაიშვილი