გურიელი ლევან დავითის ძე (29. II. 1824, ოზურგეთი, – 11. V. 1888, თბილისი), ქუთაისის გუბერნიის თავად-აზნაურთა წინამძღოლი, რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (1879), ქველმოქმედი, გურიის უკანასკნელი მთავრის მამია V გურიელის შვილიშვილი, გენ.-მ. გ. დ. გურიელის ძმა. იზრდებოდა მთავრის კარზე. თბილ. პირველი კლასიკური გიმნაზიის დამთავრების შემდეგ ჩარიცხეს ლაიბგვარდიის კავკ. ესკადრონში. 1844–51 ცალკე კავკ. კორპუსში იყო და იბრძოდა დაღესტანში (საკორდონო ხაზზე), ჩაჩნეთში, რისთვისაც კაპიტნის ჩინიც მიიღო. 1852–53 იყო ქუთ. გუბ. თავად-აზნაურთა წინამძღოლი. ყირიმის ომის დროს (1853– 56) მეთაურობდა დას. საქართვ. მცხოვრებთაგან ჩამოყალიბებულ სახ. ლაშქარს, რ-შიც 19 ქვეითი, 10 ცხენოსანი ასეული და მხოლოდ თავად-აზნაურთაგან დამატებით დაკომპლექტებული ორი ცხენოსანი რაზმი შედიოდა. 1853–54 მიჯნაზე, სოფ. შეკვეთილთან სასაზღვრო ხაზის დაცვის დროს, გამოავლინა პარტიზ. ბრძოლის ტაქტიკის შესანიშნავი ცოდნა, განსაკუთრებული სამხ. საზრიანობა, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი გენ. ი. ანდრონიკაშვილის ბრწყინვალე გამარჯვებებს 1855 წ. 27 მაისს ნიგოითისა და 27 ივლ. ჩოლოქის ბრძოლებში. 1865 მიენიჭა გენ.-მაიორობა. გ-ის სამხ. გამოცდილება კიდევ ერთხელ გამოვლინდა 1877–78 რუს.-ოსმ. ომში. იგი მეთაურობდა იმერეთის რაზმს, რ-მაც თავი გამოიჩინა სამხრეთის მიმართულებით ბრძოლებში. 1879 დაინიშნა ბათუმის ოლქის უფროსის მოადგილედ. გ. ნაყოფიერად მონაწილეობდა სამუზეუმო გამოფენებში, მატიანეთა მოძიებაში, მატერიალურად ეხმარებოდა შემოქმედ ახალგაზრდობას. დაკრძალულია ქაშვეთის წმ. გიორგის ტაძარში. დაჯილდოებული იყო წმ. ანას, წმ. სტანისლავის და წმ. ვლადიმირის სხვადასხვა ხარისხის ორდენებით.
ფ. სიხარულიძე