გურიელი  მამია დავითის ძე 

 

მ. გურიელი

გურიელი  მამია დავითის ძე (16. I. 1836, სოფ. ლესა, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 25. VII. 1891, ქუთაისი), პოეტი. აღიზარდა გურიის მთავართა სასახლეში. 1851–53 სწავლობდა ქუთ. გიმნაზიაში. 1853-იდან სამხ. სამსახურში იყო. მონაწილეობდა ყირიმის ომში (1853– 56). 1861 თავი დაანება სამხ. სამსახურს, თუმცა 1876–84 ხელმოკლეობის გამო დროდადრო უბრუნდებოდა მას. ლექსების წერა სიყმაწვილეში დაიწყო. პირველი გამოქვეყნებული ლექსია „ფარვანა" („ცისკარი", 1860, № 1). განიცადა ქართვ. რომანტიკოსებისა და თერგდალეულების გავლენა. მის პოეზიაში აისახა მოუწყობელი საზ. და პირადი ცხოვრებით, მარტოობითა და სიღარიბით გამოწვეული მძიმე სულიერი განცდები, მელანქოლია („ფანტაზია", 1868; „მთვარე", 1887; „ოცნება", „ანდერძი", ორივე 1887; „რჩევა და დარიგება", 1888). იგივე განცდები იგრძნობა ბოჰემურ განწყობილებაზე, ღვინოსა და ქალის ტრფიალზე და თავდავიწყების თემაზე დაწერილ ლექსებში („ყმაწვილი ვარ", „რა კარგია ყმაწვილობა", ორივე 1881; „რათ მინდა?" 1887). გ-ის პოეზიის ერთ-ერთი ძირითადი მოტივი პატრიოტიზმია („ჩემს ძმას ჯაბას", 1871; „კარჩხალის მთები", „ჩემი ალავერდი", ორივე 1879; „პოეტი და ჩვენება", 1883). გლეხთა უუფლებობას ეხება ლექსი „ქობულეთური ყანის სიმღერა" (1887). ჰუმანიზმითაა გამსჭვალული მისი ცნობილი ლექსი „ადამიანი" (1867). გ-ს ეკუთვნის აგრეთვე რომანტ. პოემა „რაშიდ ვარდანოღლი" (1872–89). თარგმნა რ. ბერნსის, ჯ. ბაირონის, ა. პუშკინის, მ. ლერმონტოვის, ტ. შევჩენკოსა და სხვ. თხზულებანი. გ-ის ფსევდონიმი იყო „ფაზელი".

თხზ.: თხზულებანი, ქუთ., 1897.

ლიტ.: ზ ა ნ დ უ კ ე ლ ი მ., თხზულებანი, ტ. 1, თბ., 1972; მ ე უ ნ ა რ გ ი ა ი., ქართველი მწერლები, ს. ცაიშვილის გამოც., [ტ.] 1, თბ., 1954; ჟ ღ ე ნ ტ ი გ., მამია გურიელი, თბ., 1961.

ნ. ალანია