გურგენიძე გურამ ვლადიმერის ძე (30. XI. 1929, თბილისი, – 7. I. 2003, იქვე), ალერგოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1996). მედ. მეცნ. დოქტორი (1961), პროფესორი (1966), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1982), სსრკ მედ. მეცნ. აკად. წ.-კორ. (1988), საქართვ. მედ. მეცნ. აკად. წევრი (1995). 1954 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1963–74 იყო სამედ. ინ-ტის ჰოსპიტალური თერაპიის კათედრის პროფესორი და ალერგოლოგიის კურსის ხელმძღვანელი; 1974-იდან – იყო მისივე თაოსნობით სსრკ-ში პირველად ჩამოყალიბებული ალერგოლოგიის კათედრის, ხოლო 1978-იდან – ა. ნათიშვილის სახ. ექსპერ. მორფოლოგიის ინ-ტის ალერგოლოგიის განყ-ბის გამგე და რესპ. ალერგოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი; 1975–86 – თბილ. სახელმწ. სამედ. ინტის პრორექტორი სასწ. დარგში; 1970–80 – თბილ. ალერგოლოგთა ასოციაციის, ხოლო 1980-იდან – საქართვ. ალერგოლოგთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე. 1990-იდან – საქართვ. ალერგოლოგთა ასოციაციის პრეზიდენტი. გ. შეისწავლიდა ალერგიულ დაავადებათა ეტიოპათოგენეზის, კლინიკის, მკურნალობისა და პროფილაქტ. საკითხებს. მის შრომებში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ბრონქული ასთმის ცალკეული კლინიკური ფორმის იმუნოლოგიური თავისებურებების დახასიათებას, აგრეთვე მკურნალობის და პროფილაქტ. მეთოდების შემუშავებას. გ. თანაავტორია ჰავაის უნ-ტის (აშშ) მიერ გამოცემული კოლექტ. მონოგრაფიისა „ალერგია მსოფლიოში". გ. იყო ჩეხოსლოვაკიის პურკინეს სახ. საბუნებისმეტყველო საზ-ბის საპატიო წევრი (1979); მოსკოვის ალერგოლოგთა სამეცნ. საზ-ბის (1979) და იმუნორეაბილიტაციის საერთაშ. ასოციაციის საპატიო წევრი (1994). დაჯილდოვდა ღირსების ორდენით (1998).
თხზ.: კვებითი ალერგია, თბ., 1980 (თანაავტ. კ. კაველაძე); Материалы к патогенезу бронхиальной астмы, Тб., 1960; Аллергология, Тб., 1987.