გურგენიძე თამარ აბესალომის ასული

 

თ. გურგენიძე
თ. გურგენიძე კარმენი ჟ. ბიზეს ოპერა „კარმენი".

(დ. 31. VIII. 1940, ვორონეჟი), მომღერალი (მეცო-სოპრანო), საქართვ. სახ. არტისტი (1984). 1963 დაამთავრა თბილ. ვ. სარაჯიშვილის სახ. სახელმწ. კონსერვატორიის ვოკალური ფაკ-ტი (პროფ. ვ. დავიდოვას კლასი). III კურსის სტუდენტმა თბილ. ოპერის სცენაზე შეასრულა ოლგას პარტია ვ. ჩაიკოვსკის „ევგენი ონეგინში" (1961), 1963-იდან ზ. ფალიაშვილის სახ. ოპერისა და ბალეტის სახელმწ. აკად. თეატრის სოლისტი იყო და წარმატებით ასრულებდა მეცო-სოპრანოს წამყვან პარტიებს, რ-თაგან აღსანიშნავია: მარინა მნიშეკი (მ. მუსორგსკის „ბორის გოდუნოვი"), კანიო (ლეონ კავალოს „ჯამბაზები", კარმენი (ჟ. ბიზეს „კარმენი"), ამნერისი, აზუჩენა, ებოლი (ჯ. ვერდის „აიდა", „ტრუბადური", "დონ კარლოსი), ლოლა (პ. მასკანის „სოფლური ღირსება"), დედა (ო. თაქთაქიშვილის "მთვარის მოტაცება"), კატო (მ. დავითაშვილის "ქაჯანა"), ლუჩია (გ. ყანჩელის "და არს მუსიკა"), ბარბალე (ვ. დოლიძის „ქეთო და კოტე"). გ. ეწეოდა საკონცერტო მოღვაწეობასაც. აღსანიშნავია მის მიერ შესრულებული ვოკალური ციკლები: რ. შუმანის „ქალის სიყვარული და ცხოვრება", მ. დე ფალიას „7 ესპანური სიმღერა", მ. მუსორგსკის „უმზეოდ" და „სიკვდილის სიმღერები და ცეკვები", ვ. მოცარტისა და ჯ. ვერდის „რეკვიემები", ო. თაქთაქიშვილის „5 ვოკალური პოემა" და სხვ.