გურგენიძე რევაზ ვლადიმერის ძე, (24. X. 1931, თბილისი, – 9. III. 2005, იქვე), ოფთალმოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1969), საქართვ. მედ. მეცნ. აკადემიის წევრი (1996). 1955 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. მუშაობდა კლინ. და ექსპერ. ნევროლოგიის ინ-ტის უმცროს (1958–62) და უფროს (1962– 69) მეცნ. თანამშრომლად, შემდეგ ოფთალმონევროლოგიის ლაბორ. გამგედ 1972–78, 1978–2005 კი – ოფთალმონევროლოგიის სამეცნ.- პრაქტ. ცენტრის ხელმძღვანელად. გ-ის სამეცნ. მუშაობის ძირითადი სფეროა ოფთალმოლოგიური სიმპტომებისა და სინდრომების მნიშვნელობის შესწავლა თავის ტვინის სისხლძარღვოვანი და სიმსივნური დაზიანების დიაგნოსტიკისა და დიფერენციული დიაგნოსტიკისთვის, აღნიშნული სიმპტომოკომპლექსების პათოგენეზური მექანიზმების ახსნა, მხედველობის გზის მსვლელობის და მისი სტრუქტურის დაზუსტება და სხვ. გ. 1982–2005 იყო საქართვ. ოფთალმოლოგთა სამეცნ. საზ-ბის გამგეობის თავმჯდომარე. ავტორია მრავალი სამეცნ. შრომისა, მ. შ. 6 მონოგრაფიის და 4 მეთოდური რეკომენდაციისა. მიღებული ჰქონდა სახელმწ. ჯილდოები, მ.შ. ღირსების ორდენი (1998).
თხზ.: მხედველობის გზის კლინიკური ანატომია, თბ., 2001 (თანაავტ. ი. ბერაძე); თვალის მამოძრავებელი აპარატი და მისი დაზიანების სემიოლოგია, თბ., 2002.