გურამიშვილი ქრისტეფორე (ქაიხოსრო) ნაუმის ძე

გურამიშვილი ქრისტეფორე (ქაიხოსრო) ნაუმის ძე  (დაახლ. 1697 – 4. III. 1750), მოსკოვის ქართული ახალშენის თვალსაჩინო მოღვაწე, ქართ. შრიფტისა და რუსეთში პირველი ქართ. სტამბის პრაქტ. ორგანიზატორი, მმართველი და რედაქტორ-გამომცემელი, მისიონერი. XVIII ს. 30-იან წლებში იგი რუსეთში, იოსებ სამებელის (ქობულაშვილი) ამალაში იმყოფებოდა. მიიღო ნოვგოროდის იოანე ნათლისმცემლის მონასტრის იღუმენობა. მოსკ. ქართ. ახალშენის მოღვაწეთა დავალებით გ-მა პეტერბ. მეცნ. აკადემიაში მოამზადებინა ქართ. შრიფტისა და სტამბის მოწყობილობა. მანვე წარადგინა კალიგრაფიული ქართ. ანბანი და ასოთა რიცხვითი მნიშვნელობანი. რუსი, ქართვ. და გერმ. სპეციალისტების ერთობლივი შრომით აქვე დაიბეჭდა „ანბანი" (ქართ., რუს., გერმ.) საკითხავი მასალითურთ (ტირაჟი 500 ც.). გ. იყო ამ გამოცემის ქართ. ნაწილის რედაქტორი. პირველი ქართ. სტამბა მოსკოვში მოეწყო 1737 შემოდგომაზე. გ. იყო საგამომცემლო გეგმის ერთ-ერთი თანაავტორი და შემდეგ ამ გეგმის განმახორციელებელი. ანტონ I-თან ერთად გ-ის ხელმძღვანელობით გამოსული წიგნები ხელს უწყობდა ქართ. კულტურის აღმავლობას. მას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის ქართ. სტამბის აღდგენაში. გ-მა შემდგომში მისიონერული მოღვაწეობა გაშალა ჩრდ. კავკასიაში. იყო „ოსეთის სასულიერო კომისიის" აქტ. წევრი, დიდი ენერგია შეალია ოსი და ამიერკავკასიაში მოსახლე სხვა ხალხების კულტ. აღორძინებას, მეზობელ ხალხთა დაახლოებას.

ლიტ.: კ ა ს რ ა ძ ე ო., ძველი ქართული ნაბეჭდი წიგნი, თბ., 1973; ს ი ხ ა რ უ ლ ი ძ ე ფ., რუსეთ-საქართველოს კულტურული ურთიერთობის ისტორიიდან, კრ.: მეგობრობა, თბ., 1979; შ ა რ ა შ ი ძ ე ქ., ქართული ანბანი XIX საუკუნემდე, წგ.: ქართული საანბანო წიგნის ბიბლიოგრაფია (1629–1955), თბ., 1957; А б р а м и ш в и л и  А. З., Из истории грузинского книгопечатания за пределами Грузии, კრ.: Книга. Исследования и материалы, сб. 3, М., 1960.

ფ. სიხარულიძე