გურამიშვილი-ჭავჭავაძე ოლღა თადეოზის ასული

 

ო. გურამიშვილი-ჭავჭავაძე

გურამიშვილი-ჭავჭავაძე ოლღა თადეოზის ასული [12 (24). III. 1842, ქვემო ავჭალა, – 27. IV. 1927, თბილისი], საზოგადო მოღვაწე, ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური წევრი, ი. ჭავჭავაძის მეუღლე. 1894 იყო ამიერკავკ. ქალთა ინ-ტის მზრუნველთა საბჭოს წევრი, 1895–1906 – ქართვ. ქალთა საქველმოქმედო საზ-ბის თავ-რე. 1895 ხელმძღვანელობდა ქალთა ჭრა-კერვის სკოლას. 1907, ილიას მკვლელობის დროს ეტლში მის გვერდით იჯდა და ისიც მძიმედ დაშავდა. ილიას სიკვდილის შემდეგ გ.-ჭ-მ წერა-კითხვის გამავრცელებელ საზ-ბას გადასცა თბილ. ილიასეული სახლი და საგურამოს მამული. 1908 მისი აქტ. მონაწილეობით გაიხსნა სკოლა საგურამოს ილიასეულ სახლში. დასაფლავებულია მთაწმინდაზე, ილიას გვერდით. ი. ჭავჭავაძემ მას მიუძღვნა პოემა „განდეგილი" (1883).