გულისაშვილი ბორის არჩილის ძე

ბ. გულისაშვილი

გულისაშვილი ბორის არჩილის ძე, (13. V. 1912, პეტერბურგი, – 13. V. 1977, თბილისი), მუსიკისმცოდნე, პედაგოგი. ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი (1971). საქართვ. ხელოვნების დამს. მოღვაწე (1954). 1938–60 მუშაობდა თბილ. სახელმწ. კონსერვატორიაში თავდაპირველად მუსიკის თეორიის კათედრაზე, ხოლო შემდეგ, 1956–58 – თეორ. საკომპოზიციო ფაკ-ტის დეკანად. 1960–63 – ტაშკენტის, 1963–65 – ალმა-ათის, 1966–77 თბილ. კონსერვატორიის პედაგოგი იყო, კითხულობდა ჰარმონიისა და მუსიკის თეორ. სისტემების კურსს. გ. მოღვაწეობდა ძირითადად ქართ. ხალხ. მუსიკისა და მუს. აკუსტიკის სფეროში. ძირითადი ნაშრომები: „კილოები ქართული ხალხური სიმღერების თანხლებასა და საკრავიერ მუსიკაში" (1967), „ობერტონების რიგი და ტემბრული განვითარება" (1971), „ნეიტრალური ინტერვალები ქართულ ხალხურ სიმღერაში" (1972). გ-ს ეკუთვნის გამოკვლევები შუა აზიის ხალხთა მუსიკის საკითხებზეც: „სუფთა წყობა და ხალხური მუსიკალური შემოქმედება" (1956), „იბნ-სინა და სუფთა წყობის შექმნა" (1964).

გ. ტორაძე