გულისაშვილი ვასილ ზაქარიას ძე

 

ვ. გულისაშვილი

გულისაშვილი ვასილ ზაქარიას ძე [23. IV (6. V). 1903, თბილისი, – 19. X. 1979, იქვე], მეტყევე-ეკოლოგი. საქართვ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1946), სოფ. მეურნ. მეცნ. დოქტორი, პროფესორი (1935), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1955). დაამთავრა ლენინგრადის სატყეო-ტექ. აკად. სატყეო მეურნეობისა (1926) და ქიმ. ტექნოლ. (1931) ფაკ-ტები. 1927-იდან მოღვაწეობდა ლენინგრადის სატყეო-ტექ. აკადემიაში. 1931 გ. საქართველოში დაბრუნდა და მუშაობდა თბილ. სატყეო-ტექ. ინ-ტში ზოგადი მეტყევეობის კათედრის გამგედ. 1932–44 სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობა ეჭირა. 1945–79 ხელმძღვანელობდა თბილ. სატყეო ინ-ტს. გ-ის სამეცნ. შრომები ეხება მცენარეთა მერქნიანი ჯიშების ბიოლოგიას, ეკოლოგიასა და ეკოლ. გეოგრაფიას, ბუნების დაცვისა და სხვა საკითხებს. შეისწავლა ტყის ნიადაგის ფიზ. თვისებები და მათი ცვალებადობა ამორჩევითი, პირწმინდა ჭრისა და სას.-სამ. სავარგულებად დროებით გამოყენებისას. გ. იყო საქართვ. მეცნ. აკად. ბუნების დაცვის კომისიის თავ-რე და საქართვ. ბუნების დაცვის საზ-ბის თავ-რის მოადგილე. 1974 მიენიჭა საქართვ. სახელმწ. პრემია. მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

თხზ. : ზოგადი მეტყევეობა, თბ., 1957; მცენარეთა ეკოლოგია, თბ., 1960 (გარეკანზე: 1961); Природные зоны и естественно-исторические области Кавказа, М., 1964.